როგორც შიხიაშვილმა დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იგი ზუმბაძის ბრალდებას პასუხს არ გასცემს, რადგან არ შეიძლება “სისულელეზე გქონდეს პასუხი”. შიხიაშვილი აცხადებს, რომ თუ საკრებულოს წევრები მას ნდობას გამოუცხადებენ, მზად არის იკისროს ის პასუხისმგებლობა, რასაც თავმჯდომარეობა ჰქვია:
“პასუხისმგებლობას არასდროს გავურბივარ. საკრებულოს თავმჯდომარე არის, როგორც ზაზა გაბუნიამ ბრძანა და მე აბსოლუტურად ვეთანხმები მას ამ გამონათქვამში – “პირველი თანასწორთა შორის”, – განაცხადა შიხიაშვილმა.
საკრებულოს სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ზაალ სამადაშვილის თავმჯდომარის პოსტიდან გადარჩევა და 13 მუდმივმოქმედი კომისიის ახალი თავმჯდომარეების არჩევა. ამის შემდეგ ინტერპარტიული უმრავლესობა გეგმავს რიგგარეშე სხდომის მოწვევას, სადაც ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე იმსჯელებს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება–თბილისელების” ხელმძღვანელი გულიკო ზუმბაძე აცხადებს, რომ არ დაუჭერს მხარს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფილი “ნაციონალის”, ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას, რომელსაც, მისი თქმით, შსს ლობირებს. შიხიაშვილი ამ თანამდებობას ვერ დაიკავებს, თუკი ზუმბაძის პოზიციას კიდევ ერთი დეპუტატი მაინც გაიზიარებს საკრებულოს ახალი უმრავლესობიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე აირჩევა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერით. თბილისის საკრებულოში ამ დროისთვის 47 წევრი ირიცხება. ახალი ინტერპარტიული უმრავლესობა თბილისის საკრებულოში 25 დეპუტატითაა წარმოდგენილი.
შიხიაშვილს 24 დეპუტატის მხარდაჭერა დაჭირდება იმისათვის, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიონ, უკვე ცნობილია, რომ 25-წევრიანი უმრავლესობიდან ერთი – მის კანდიდატურას ეწინააღმდეგება.







