დღეს, 14 დეკემბერს, აზერბაიჯანში, ბალაკანის დასახლებაში, თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა.
ifact.ge-ს ცნობით, მოსამართლემ აფგან მუხთარლის ნება არ დართო, რომ ადვოკატების გვერდით მჯდარს მიეცა ჩვენება.
“როცა ჩემი სახლისკენ მივდიოდი, სამოქალაქო ტანსაცმლით შემოსილი სამი კაცი მომიახლოვდა. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ მანქანაში ჩამსვეს. ქალაქიდან რომ გავედით, თავზე ტომარა ჩამომაცვეს. ცოტა ხნის შემდეგ მანქანიდან გადმომიყვანეს და თავზე ჩამოცმული ტომარა მომხსნეს. მაგ დროს ვიფიქრე, რომ ჩემი მოკვლა უნდოდათ და ვთხოვე, დანით არ მოვეკალი და იარაღი გამოეყენებინათ. მითხრეს, რომ არაფერს დამიშავებდნენ და თავზე ისევ ტომარა ჩამომაცვეს. მოგვიანებით მათ მანქანა შეცვალეს და როცა აზერბაიჯანული მუსიკა გავიგონე, მივხვდი, რომ უკვე ჩემს ქვეყანაში ვიყავი. რამდენიმე ხნის შემდეგ გავჩერდით, თავიდან ტომარა მომაძრეს და მივხვდი, რომ სამხედრო დანაყოფში მიმიყვანეს. იქიდან კი, მოგვიანებით ბაქოში გადამიყვანეს,” განაცხადა მუხთარლიმ სასამართლოს სხდომაზე.
გამოცემის ცნობითვე, მუხთარლის დაკითხვის შემდეგ მოსამართლემ აზერბაიჯანელი მესაზღვრე, გუფარ მამადოვი მოწმედ გამოიძახა.
მამადოვის ჩვენების თანახმად, მუხთარლი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას, 29 მაისს 22:40 საათზე შენიშნა. მან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შეჩერება განიზრახა, მაგრამ მუხტარლიმ ხელი ჰკრა, მიწაზე დაცემის გამო კი მესაზღვრემ გონება დაკარგა. მამადოვმა თქვა, რომ ამ შემთხვევის გამო საავადმყოფოში წასვლაც კი მოუწია და იქ გაიგო, რომ თურმე მუხტარლი უკვე დაუპატიმრებიათ. ამის საპირწონედ, დაკავებულმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მესაზღვრე მასთან ერთად სულ მცირე, 5 საათის მანძილზე იმყოფებოდა. მუხტარლის ადვოკატებმა მოსამართლეს სთხოვეს, შეემოწმებინათ საავადმყოფოს სარეგისტრაციო წიგნი, რაზეც უარი მიიღეს.
გამოცემის ცნობითვე, მოსამართლე ჰუმატ სალიმოვმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. თავდაპირველად არც აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი დაუშვა სხდომაზე, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა.
მუხტარლის ადვოკატმა, ნემატ ქარიმლიმ სხდომის დარბაზში პოლიციელთა სიმრავლეც გააპროტესტა.
“სასამართლო სხდომაზე მუხთარლიმ აზერბაიჯანელ სამართალდამცველებს სთხოვა, ქართველი კოლეგებისგან მოითხოვონ მისი ტელეფონის ჩანაწერები და დაადგინონ, რა მიმართულებით მოძრაობდა იგი 29 მაისის საღამოს. მუხტარლი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოწმედ დაკითხვასაც ითხოვს, რადგან მან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტზე საჯარო განცხადებაც გააკეთა. სასამართლომ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა”.
აფგან მუხთარლის საქმეზე სასამართლოს მორიგი სხდომა 28 დეკემბერს გაიმართება.
6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისის საღამოს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა. მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლის საქმის გამოძიებას პროკურატურის მიერ ითხოვდა დაკავებულის ოჯახი, თუმცა პროკურატურამ ეს საქმე მუხთარლის გატაცებიდან 1.5 თვის შემდეგ გადაიბარა. 19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ.
აფგან მუხთარლის ცოლი, ასევე გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა, ქმრის გატაცების შემდეგ არსებული რისკების გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაემგზავრა.