ახალი ამბები

“შსს-ს კავშირი შიხიაშვილთან” – უთანხმოება თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში

25 ივლისი, 2013 • • 1439
“შსს-ს კავშირი შიხიაშვილთან” – უთანხმოება თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში

საკრებულოს თავმჯდომარე აირჩევა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერით. თბილისის საკრებულოში ამ დროისთვის 47 წევრი ირიცხება. ახალი ინტერპარტიული უმრავლესობა თბილისის საკრებულოში 25 დეპუტატითაა წარმოდგენილი.

 

შიხიაშვილს 24 დეპუტატის მხარდაჭერა დაჭირდება იმისათვის, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიონ, უკვე ცნობილია, რომ 25-წევრიანი უმრავლესობიდან ერთი – მის კანდიდატურას ეწინააღმდეგება.

 

“ქართული ოცნების” ფრაქციებში ყოველთვის იყო უკმაყოფილება და მხრების აჩეჩვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდებოდა ასე, რომ შიხიაშვილი უკვე ნოემბრიდან თავს წარმოადგენდა, როგორც საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე და, როგორც ჩანს, ის აპელირებდა შს სამინისტროს მხარდაჭერით”, – აცხადებს საკრებულოს წევრი გულიკო ზუმბაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

ზუმბაძე, რომელიც “რესპუბლიკური პარტიის” წევრია და საკრებულოში “ქართული ოცნება–თბილისელების” ფრაქციას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ მას ჰქონდა იმის მცდელობა, რომ თავისი მოსაზრებები და არგუმენტები შიხიაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით თავისი თანაგუნდელებისთვისაც გაეზიარებინა:

 

“მაგრამ მხოლოდ მე ვსაუბრობ ხმამაღლა იმას, რასაც დანარჩენები ჩუმად ფიქრობენ. ჩემი არგუმენტები გაზიარებული აქვთ, მაგრამ მხრებს იჩეჩავენ იმიტომ, რომ ეს სიგნალები მოდის შს სამინისტროსგან”.

 

გულიკო ზუმბაძე
გულიკო ზუმბაძე

ზუმბაძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტულად მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არ გულისხმობს:

 

“აქ საუბარია იმ ხალხზე, ვინც ადრე რეჟმს ემსახურებოდნენ. ისინი კიდევ არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში და შიხიაშვილი მათი მხარდაჭერით სარგებლობს”.

 

თბილისის საკრებულოს წევრმა კახა კუკავამ, რომელიც ინტერპარტიული უმრავლესობის წევრია, გულიკო ზუმბაძის პოზიციის საპასუხოდ, ღიად მიანიშნა, რომ ირაკლი შიხიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერილი კანდიდატია:

 

“თუ “რესპუბლიკური პარტია” მიიჩნევს, რომ მიუღებელია ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურა და ის, რაც ხდება საკრებულოში, ზოგადად, ქვეყანაში, სწორი გადაწყვეტილება ის კი არ არის, რომ გულიკო ზუმბაძემ ხმა არ მისცეს ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას, სწორი გადაწყვეტილება ის არის, რომ გამოვიდეს დავით უსუფაშვილი და თქვას, არ ეთანხმება ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას, არ მოსწონს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი”.

 

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირაკლი შიხიაშვილს შს მინისტრის ცოლის მამიდაშვილი და შსს-ს გენინსპექციის უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი ლობირებს, რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით “გურია ნიუსმა”. ამავე გამოცემსთან ინტერვიუში ამ საკითხზე შიხიაშვილმა განაცხადა:

 

“ზვიად ჯანყარაშვილი ჩემი მეგობარია დაახლოებით 10 წელიწადია და იმ პერიოდში, როდესაც პირველ ოქტომბრამდე ზვიადი ებრძოდა ნაცმოძრაობას და კარგად იცით, რა მდგომარეობაშიც იყო მათი ოჯახი და, შესაბამისად, რა მდგომარეობაში მოხვდებოდა ჩემი ოჯახი. არანაირი სხვა ფორმის დამოკიდებულება ჩვენ შორის არ არსებობს და ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ.”

 

რა ფორმით მონაწილეობს შსს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში და აქვს თუ არა რაიმე კავშირი ამ კუთხით ერთმანეთთან შსს-ს გენინსპექციის უფროსსა და ირაკლი შიხიაშვილს? – ამ კითხვებით დღეს “ნეტგაზეთმა” შს სამინისტროს მიმართა. პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გვითხრა, რომ ვერ დაგვაკავშირებს პირადად ყანჯარაშვილთან, ხოლო ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს მან ასე უპასუხა:

 

“მე ვფიქრობ, ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს. არანაირად არ შეესაბამება ეს სიმართლეს. შსს როგორ უნდა ლობირებდეს? საკრებულოსთან რა შეხება აქვს? არანაირი”.

 

“ნეტგაზეთი” შეეცადა თავად ირაკლი შიხიაშვილთან დაკავშირებასაც, თუმცა მის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დღეს შიხიაშვილი მედიისთვის რაიმე კომენტარს არ გააკეთებს, ვინაიდან ხვალინდელ სხდომას ელოდება, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენებენ ზაალ სამადაშვილს და აირჩევენ მის შემცვლელს, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ირაკლი შიხიაშვილი იქნება.

 

ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატია. მან “ნაცმოძრაობის” ფრაქცია 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა თავის თანამოაზრეებთან ერთად და ახალი ფრაქცია “თავისუფლება” ჩამოაყალიბა.

 

“როგორც ჩანს, პოლიციის დაბალ ეშელონებშიც ირაკლი შიხიაშვილს მოუმზადეს ნიადაგი. გეგმა იყო ასეთი, მან “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატებისაგან, რომლებმაც “ნაციონალების” ფრაქცია დატოვეს, შექმნა მხარდამჭერი ჯგუფი და ის ჩაითვალა უპირობო კანდიდატად. საკრებულოში კანდიდატურების განხილვები არ ყოფილა, კანდიდატურებზე არც გვიმსჯელია. ირაკლი შიხიაშვილი არასოდეს ჯდებოდა კოალიციის მაგიდასთან და, ჩემი აზრით, ის არის თავსმოხვეული კანდიდატი. მან მოახერხა 24 დეპუტატის დათანხმება თავის კანდიდატურაზე.

 

ირაკლი შიხიაშვილი
ირაკლი შიხიაშვილი

მე არ ვაპირებ დავახასიათო შიხიაშვილი, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ შიხიაშვილის კანდიდატურისთვის ხმის მიცემა იმ ადამიანების უპატივცემულობას ნიშნავს, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში რეჟიმს თავდაუზოგავად ებრძოდნენ. ძალიან ბევრი რამეა, რაც მას უკავშირდება: “ქართუ ბანკის” გაკოტრების სქემაში მისი მონაწილეობა და მან უარყო შემდეგ, რომ ამასთან დაკავშირებით არაფერი კავშირი არ ჰქონია, არადა, ოქმი არსებობს მის დაკითხვასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი თემებია, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვებია და ვაყენებთ საკითხს ასე: რა დააშავეს თბილისელებმა, რომ მაინცდამაინც ასეთი ადამიანის კანდიდატურა, რომელიც ამდენ კითხვაზე პასუხს ვერ სცემს (საზოგადოებისთვისაა მიუღებელი, თორემ  შეიძლება მას რაღაც პიროვნული დადებითი თვისებები ჰქონდეს), მოეხვიათ თავს საკრებულოსთვის?!” – აცხადებს გულიკო ზუმბაძე.

 

ზუმბაძე ამბობს, რომ ირაკლი შიხიაშვილი არ არის “ქართული ოცნების” კანდიდატი, რასაც უარყოფს კახა კუკავა, რომლის თქმითაც, იმიტომ უჭერს მხარს შიხიაშვილს, რომ  “ქართული ოცნების” კანდიდატია. მისივე თქმით, თუ “ქართული ოცნება” თავის კანდიდატს არ წამოაყენებს, მაშინ ის საკრებულოს წევრ მამუკა კაციტაძესთან ერთად წამოაყენებს სხვა კანდიდატს.

 

საკრებულოს უმცირესობაში დარჩენილი “ნაციონალები” (22 დეპუტატი) აცხადებენ, რომ ისინი ხვალინდელი სხდომის იმ ნაწილში, რომელიც მიეძღვნება საკრებულოს თავმჯდომარის გადარჩევის საკითხს, მონაწილეობას არ მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი