იურიდიული კომიტეტის სხდომა დეპუტატებმა ბიუროს სხდომის გამო დატოვეს. თუმცა კომიტეტის თვმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ბიუროს არაწევრ დეპუტატებს შესთავაზა, რომ რახან კანონპროექტის ავტორი ადგილზე იყო, მოსმენა დაეწყოთ, რასაც დავითაშვილი დაეთანხმა.
იურიდიული კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძე, კობა დავითაშვილი და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კიკნაველიძე, რაც კვორუმისთვის საკმარისი არ არის.
“მე მაკმაყოფილებს ეს შემოთავაზება. კენჭისყრაზე დადგება საკითხი, არ მოიპოვებს ხმათა საკმარის რაოდენობას, მაგრამ არ შეაჩერებს იმ პროცესს, რომ წამყვან კომიტეტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტში გაგრძელდეს განხილვა,”- განაცხადა დავითაშვილმა.
სამივე დეპუტატმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მხარი დაუჭირა, თუმცა მათი ხმები არასაკმარისია, რის გამოც კანონპროექტებს უარყოფითი დასკვნა მიეცა.
“მოცემულ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ რეალურად პარლამენტის წევრების საკმარისი რაოდენობა დარბაზში არ იმყოფებოდა, ისინი მიიჩქაროდნენ ბიუროს სხდომაზე და მხოლოდ პარლამენტის სამი წევრი დარჩა დარბაზში. თუმცა, ამის მიუხედავად, ბატონმა კობამ მოითხოვა, რომ ინიციატივა, გაეტანათ კენჭისყრაზე მისი წარმოდგენილი კანონპროექტი და დაფიქსირდა, რომ სამი პარლამენტის წევრი, რომლებიც იმყოფებოდნენ დარბაზში, ემხრობოდა ამ კანონპროექტს, თუმცა ეს არ არის საკმარისი რაოდენობა, ქვორუმი თავიდანვე არ არსებობდა და გადაწყდა, რომ ეს საკითხი ჩავარდა, თუმცა, როგორც წესი, ეს არ აფერხებს პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას,” – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა.
ცვლილებები ეხება კანონებს – „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონს, „მაუწყებლობის შესახებ“კანონს.
