სხდომაზე დეპუტატებმა ძირითადად ღვინის ხარისხსა და ექსპორტზე ისაუბრეს. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან  დავითაშვილი ამბობს, რუსეთის ბაზრის გახსნიდან ერთი თვის თავზე უკვე 2 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული: 

 

“განვიხილეთ 2013 წელს ღვინის სექტორში მიმდინარე მოვლენები და ჩვენი საქმიანობა. შევეცადეთ ამომწურავი პასუხები გაგვეცა იმ საინტერესო კითხვებზე, რომლებიც პარლამენტარებმა დაგვისვეს. ექსპორტის კუთხით გვაქვს დიდი პროგრესი. წელს, პირველი 6 თვის მანძილზე, გვაქვს 25%-ზე მეტი ზრდა წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა, როგორც იცით, ბოლო ერთი თვეა ახალი დიდი ბაზარი გაიხსნა, ეს არის რუსეთის ბაზარი. მხოლოდ რუსეთის მიმართულებით ბოლო ერთი თვის მანძილზე ორ მილიონ ბოთლზე მეტია ექსპორტირებული. საბოლოოდ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება არანაკლებ 30%-ით და შეიძლება მეტითაც ზრდა წინა წელთან შედარებით.

 

კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი ამბობს, რომ მიმდინარეობს ბაზრის დივერსიფიცირება:

 

“იკვეთება ძალიან სერიოზული ტენდენციები. ბაზრის დივერსიფიცირება ხდება, ეს არ არის მხოლოდ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული იმიტომ, რომ რუსეთის ბაზრის გარეშეც გვაქვს საექსპორტო ზრდა 24 %–იანი. რაც ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და აქ უმთავრესი არის ჩვენი ღვინის ხარისხი, ის სიკეთე, რაც ბოლო წლებში შექმნილმა ვითარებამ მოიტანა, რომ მეწარმეებმა ყურადღება გაამახვილეს ღვინის ხარისხზე.“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *