ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ვინ ებრძვის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონს სომხეთში

13 დეკემბერი, 2017 • 3845
ვინ ებრძვის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონს სომხეთში

[red_box]“ოჯახში ძალადობა” თუ “ჰარმონია ოჯახში”?[/red_box]

2017 წლის 8 დეკემბერს, როგორც იქნა, სომხეთის ეროვნულმა კრებამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონი მიიღო. კანონის მიღებას მთელი შემოდგომის განმავლობაში წინ უძღოდა ხისტი დებატები. რეგულაციები 72 ხმით 12-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, ექვსმა დეპუტატმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

მსგავსი კანონის მიღება თითქოს არც უნდა ყოფილიყო სერიოზული პრობლემა, თუმცა მას ის აქტივისტები და ორგანიზაციები ეწინააღმდეგებოდნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ეს კანონი ტრადიციულ სომხურ ოჯახებს ებრძვის. იმასაც ამბობდნენ, რომ კანონის მიღებას სომხეთს დასავლეთი აიძულებს.

რაც შეეხება ქალთა ორგანიზაციებსა და აქტივისტებს, მთლიანობაში, მხარი დაუჭირეს კანონს, თუმცა მის ნაკლოვანებებზე მიუთითებდნენ. მოწინააღმდეგეთა ხმები კი უფრო ხმამაღალი აღმოჩნდა. სომხური ტრადიციული ოჯახების დაცვის პოზიციის მქონე ადამიანები საზოგადოებას იმით აშინებდნენ, რომ ეს კანონი სომხურ ოჯახებს ებრძვის. მათ შორის ზოგიერთი ირწმუნებოდა, რომ სომხეთში საერთოდ არ არსებობს ოჯახში ძალადობა, ან უბრალოდ, გაზვიადებულია.

მოქალაქეებს ხშირად მოჰყავდათ არგუმენტი “გცემს, ე.ი უყვარხარ”, ან საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ “შვილს ერთი-ორი წამოარტყა, აღზრდის ჩვეულებრივი მეთოდია”. მსხვერპლთა დადანაშაულების გარეშეც არ ჩაუვლია პროცესს, ბევრი ამბობდა, რომ თუკი ოჯახში ძალადობაა, ამაში დამნაშავე თავად ქალები არიან.

პირველად მსგავსი განცხადებებით ძირითდად მარგინალური ჯგუფები გამოდიოდნენ, ისეთები, როგორებიც არიან “ყარაბაღის მოძრაობის” ვეტერანი ხაჩიკ სტამბოლციანი, რომელიც წლების განმავლობაში ქრისტიანულ ფუნდამენტალისტად გადაკვალიფიცირდა. დროთა განმავლობაში მას შეუერთდა მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრი, მათ შორის იყვნენ საკმაოდ ცნობილი სახეები, მაგალითად, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადიგლე ედუარდ შარმაზანოვი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხოსროვ არუთუნიანი.

ამ ფონზე კანონის კრიტიკოსთა ხმები ჩაიკარგა. ისინი კანონპროექტის კონკრეტულ ხარვეზებზე საუბრობდნენ და აფრთხილებდნენ, რომ კანონის ზოგიერთი მუხლს საგამოძიებო ორგანოები ბოროტად გამოიყენებენ.

საბოლოო ჯამში, კანონპროექტი მასში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებებით მიიღეს. შეცვლილია კანონის სახელწოდებაც: “ოჯახში ძალადობის შეჩერებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების” კანონის ნაცვლად “ოჯახში ძალადობის შეჩერების, ოჯახში მსხვერპლთა დაცვისა და ოჯახში ჰარმონიის აღდგენის” შესახებ კანონი მიიღეს.

გარდა ამისა, კანონის ტექსტში გაჩნდა ტერმინი ”ტრადიციული სომხური ოჯახი”. ზოგიერთი სომეხი აქტივისტის, კერძოდ, “ქალთა მიმართ ძალადობის  შეჩერების” კოალიციის წევრთა აზრით, ახალი დამატებები კანონის ტექსტში არსებული რეგულაციებს არაეფექტურსა და ბევრად სუსტს ხდის.

საქმე მხოლოდ სათაურს არ ეხება. ტექსტში გაჩენილ ახალ ტერმინებს “ჰარმონია ოჯახში” ანდა “ტრადიციული სომხური ოჯახი” არანაირი სამართლებრივი გაგება არ გააჩნია.

მსგავსი ფორმულირებების შემოტანა კანონის მოწინააღმდეგეთათვის სიმბოლურ დათმობად შეიძლება აიხსნას.

კანონს სხვა უფრო სერიოზული ცვილებებიც დაამატეს. მაგალითად, მასში არ არის ასახული ძალადობა ისეთი სიტუაციის დროს, როდესაც ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე ცხოვრობს.

[blue_box]კონსერვატიზმი და გეოპოლიტიკა: ვინ და რატომ დაიწყო კანონის წინააღმდეგ კამპანია?[/blue_box]

რატომ გახდა ცალსახად ნეგატიური მნიშვნელობის მოვლენის წინააღმდეგ კანონის მიღება საკამათო? მსგავსი კანონი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში.

ბოლო წლებში სომხური საზოგადოება შოკში ჩააგდო ისეთმა გახმაურებულმა დანაშაულებებმა, როგორიცაა ქალების მკვლელობა ან მათზე ძალადობა ქმრის ან ნათესავების მხრიდან.

open democrasy-ს ცნობით, 2017 წლის ოქტომბერში სომხეთში ოჯახში ძალადობის 602 შემთხვევა დაფიქსირდა. “სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების “ცხელ ხაზზე” კი 2017 წელს დახმარების თხოვნით 5000-ზე მეტი ზარი შევიდა.

2010-2017 წლებში სომხეთში 50-ზე მეტი ქალი მოკლეს “ეჭვიანობის ნიადაგზე”, ამასთან, ბევრ შემთხვევაში, სასამართლომ მკვლელს მსუბუქი სასჯელი შეუფარდა.

საქმე ის არის, რომ კანონის მიღებამდე პრობლემა კრიმინალური კოდექსით გვარდებოდა. შედეგად, ძალადობის მსხვერპლს ან მოწმეს ჰქონდა არჩევანი, ან პოლიციისთვის მიემართა დანაშაულის შესახებ, ან გაჩუმებულიყო.

ქალთა ორგანიზაციების აქტივისტთა აზრით, ბოლო წლებში ბევრი მსგავსი შემთხვევის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი “ოჯახში ძალადობის” შესახებ კანონის არსებობის შემთხვევაში.

საზოგადოებაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია პატრიარქალური შეხედულებები ოჯახის შესახებ, ქმარზე ინფორმაციის მიტანა, თუნდაც ცემის შემთხვევაში, ხშირად სირცხვილად მიიჩნევა.

ამის მიუხედავად, სომხეთში არსებობს პროგრესი. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების საქმიანობის წყალობით ოჯახში ძალადობის პრობლემა, რომელზეც ადრე დუმდნენ, დღეს ხმამაღლა განიხილება.

კანონის მიღებას მხარი დაუჭირა ასევე სომხური დიასპორის ბევრმა წარმომადგენელმა. თუმცა გადამწყვეტი ფაქტორი ევროპული სტრუქტურების პოზიცია გახდა. რა თქმა უნდა, კონსპიროლოგების აზრის საწინააღმდეგოდ, ევროკავშირის ჩინოვნიკებს არ აქვთ მიზნად დასახული ტრადიციული სომხური ოჯახისა და სომხური ეროვნული იდენტობის მოშლა. თუმცა ის, რომ კანონის მიღება დროში დაემთხვა ევროკავშირითან ურთიერთობების დალაგებას, ნიშნავდა იმას, რომ მისი ბედი დაკავშირებული იქნებოდა ბრიუსელი-ერევანი-მოსკოვის სამკუთხედთან. გაჩნდა მოლოდინი, რომ ევროკავშირთან ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდებოდა და გასაგები იყო, რომ ეს მოვლენა რუსეთში განსაკუთრებულ ენთუზიაზმს არ გამოიწვევდა.  

სწორედ აქ უნდა ვეძებოდით იმის მიზეზები, თუ რატომ გამოიწვია აღნიშნული კანონის მიღებამ მსგავსი ხმაური. რთულია უარყო, რომ სომხური საზოგადოება პატრიარქალურია. როგორც ბოლო დროს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, სომხური საზოგადოება აღმოსავლეთ-ევროპულ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიულია: გამოკითხულთა 98% ამორალურად მიიჩნევს ჰომოსექსუალობას, 97% – ნარკოტიკის მოხმარებას, 96% – პროსტიტუციას, 78% – ქორწინების გარეშე სექსს და ა.შ.

თუმცა ნათელია, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ნაკლებად საკამათო თემაა და სურვილის შემთხვევაში, კანონის მიღება განსაკუთრებული ხმაურის გარეშეც შეიძლებოდა.

სომხურმა აპოსტოლურმა ეკლესიამაც კი, რომელსაც განსაკუთრებულ ლიბერალიზმს ვერ დავაბრალებთ, სავსებით გაწონასწორებული პოზიცია დაიკავა.

მისმა მაღალი იერარქიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ეპისკოპოსმა მიკაელ აჯაპახიანმა კანონს მხარი დაუჭირა. მართალია, ამ შემთხვევაში ეპისკოპოსმა საკუთარი პოზიცია წარმოადგინა, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკლესიის სხვა იერარქებიდანაც არავის გაუკრიტიკებია კანონი და არც განცხადება გაუკეთებია განსხვავებული პოზიციის შესახებ.

პრობლემას არა მხოლოდ სომხური საზოგადოება, მისი პატრიარქალობა და კონსერვატივიზმი წარმოადგენს. კანონის წინააღმდეგ კამპანია იმ გარკვეული წრეების მიერ არის დაწყებული, რომლებიც ულტრაკონსერვატიული და ანტიდასავლური პოზიციებიდან გამოდიან.

კანონის მიღების მოწინააღმდეგეთა შორის ისეთი ფიგურები არიან, როგორც უკვე ნახსენები ხაჩიკ სტამბოლციანი, ყოფილი ნაციონალისტი, ღიად პრორუსული ორიენტაციის ჰაიკ ნახაპეტიანი, ჰომოსექსუალობასთან მებრძოლი და პრორუსული “გეოპოლიტიკური კლუბის” თავმჯდომარე არმან ბოშიანი და ა.შ.

კანონის მოწინააღმდეგეთა ბევრი არგუმენტი რუსული მედიიდან არის აღებული, ზოგიერთი პლაკატი კი – რუსულადვე დაბეჭდილი.

ყოველივე ეს ევროკავშირსა და სომხეთს შორის შეთანხმების გაფორმების მოლოდინის ფონზე ხდებოდა. სომხურ ანალიტიკურ წრეებშის ბევრი წორედ ამ გარემოებას უკავშირებდა კანონის წინააღმდეგ კამპანიას.

საინტერესოა, რომ ამ ისტორიაში საპირისპირო აზრზეა რუსეთის წარმომადგენელი. სომეხი კოლეგების მხარდასაჭერად ერევანში ცნობილი რუსი აქტივისტი ალიონა პოპოვა ჩამოვიდა. აი, რა დაწერა მან სომხეთში მიმდინარე ამბებზე: არაფერს არ გაგონებთ ეს? პირდაპირ ვხედავ კურგინიანის თვალებს და “მშობელთა წინააღმდეგობის” ციტატებს. ვიხსენებ ელენა ბარისოვნა მაზულინას, იურისტს, რომელიც მეუბნებოდა, რომ აქ არ არსებობს ისეთი პრობლემა, როგორიცაა ოჯახში ძალადობა – ეს ყველაფერი დასავლეთის მიერ არის გაზვიადებული”.

რაც არ უნდა იყოს, კანონი მიღებულია, თუმცა, მნიშვნელოვანი ცვლილებებით და სახეცვლილი ფორმით. კანონის მიღება იმ არაფორმალური ვალდებულებათაგანია, რომელიც ევროკავშირთან დიალოგის კონტექსტში სომხეთის ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღო.

დღესდღეობით სომხეთსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილია შეთანხმება, მალე დაიწყება პროცესი, რომელმაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია უნდა განაპირობოს. ამ პროცესების კონტექსტში, სომხეთის ხელისუფლებას არანაკლებ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება მოუწევს.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონმა კი აჩვენა, რომ დანარჩენ რეფორმებსაც რთული გზის გავლა მოუწევს. იმისთვის, რომ ეს რეფორმები გატარდეს, მის მომხრეებს, ევროკავშრის მხარდაჭერითაც კი, წინააღმდეგობების დაძლევა არა მხოლოდ სომხეთის შიგნით გავლენიან ჯგუფებთან [მათ შორის თავად ხელისუფლებიდან], გარე ძალებთანაც მოუწევთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი