საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებისთვის “ოქროს ურო” მუზეუმ–ნაკრძალში მდებარე ვარძიის მამათა მონასტერს და კომპანია RMG-ს გადასცა.
კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მამათა მონასტერს “ოქროს ურო” ვარძიის ეკლესიაში გაჩენილი ხანძრისა და ფრესკების დაზიანების გამო გადასცეს, ხოლო RMG-ს – საყდრისის უძველესი მაღაროს დანგრევისა და ფიტარეთის ეკლესიისთვის საფრთხის შექმნის გამო.
2016 წლის 1 ნოემბერს, გვიან ღამით, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდის აალების შემდეგ გაჩნდა, რის შედეგადაც ტაძრის მხატვრობა ნაწილობრივ ჭვარტლით დაიფარა, რამაც ფრესკები დააზიანა.
რაც შეეხება ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს, საეკლესიო პირებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეუთანხმებლად RMG Gold-ის სამშენებლო ტექნიკით მონასტრის ტერიტორიის რეკონსტრუქცია/რესტავრაცია დაიწყეს, რისი შესწავლაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაიწყო.
ამის გარდა, ფიტარეთის მონასტრიდან დაახლოებით ორ კილომეტრში RMG Gold-ის შვილობილი კომპანია CMG (კავკასიის სამთო ჯგუფი) გეოლოგიურ–საძიებო სამუშაოებს ატარებდა კეთილშობილი ლითონების ამოღების მიზნით. სამუშაოებს აპროტესტებდა საყდრისის კომიტეტი, რადგან შიშობდა, რომ სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და არქეოლოგიურ ობიექტებს დააზიანებდა.
ნინო ბურჭულაძის განცხადებით, “ოქროს ურო” ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც 13 დეკემბერს, საყდრისის მაღაროს აფეთქების დღეს, იმ კომპანიებს ან პირებს გადაეცემათ, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებაში თავისი წვლილი შეაქვთ.
“ეს არის ყოველწლიური დაჯილდოება. ტრადიციული იქნება და მომავალ წელსაც გადავცემთ, 13 დეკემბერს”, – განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.
პირველი “საპატიო ოქროს ურო” 2016 წელს კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს გადასცეს.
“საყდრისის კომიტეტი” 2013 წლის მოვლენების შემდეგ დაარსდა, როდესაც კულტურის სამინისტრომ საყდრისის უძველეს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა. კომიტეტის მიზანი მაღაროს დაცვა იყო.
მაღაროს ტერიტორიაზე წიაღისეული მოპოვების ლიცენზიას კომპანია RMG ფლობს, რომელსაც ამ ტერიტორიაზე ოქროს მოპოვება სურდა. კომპანია ამტკიცებდა, რომ საყდრისი არ წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის მქონე ობიექტს, თუმცა მეცნიერების ნაწილი მიიჩნევდა, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო იყო.
საბოლოოდ, საყდრისის ადგილას კომპანიამ მაინც დაიწყო წიაღისეულის მოპოვება. ის აღარ არსებობს, ხოლო მაღაროში აღმოჩენილი არტეფაქტები ბოლნისის რაიონის მუზეუმში გადაიტანეს.