ახალი ამბებიხელოვნება

ვარძიაში სასანთლე მაგიდის დაწვის შედეგად კედლის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა

2 ნოემბერი, 2016 • 2835
ვარძიაში სასანთლე მაგიდის დაწვის შედეგად კედლის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 1 ნოემბერს, გვიან ღამით, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდის აალების შემდეგ გაჩნდა, რის შედეგადაც ტაძრის მხატვრობა ნაწილობრივ ჭვარტლით დაიფარა.

“ეროვნულმა სააგენტომ ვარძიაში შემთხვევისთანავე მიავლინა სპეციალისტები, გაგზავნილია სპეციალური ხარაჩო-დანადგარი. დღეიდან იწყება არსებული მდგომარეობის ანალიზი და დიაგნოსტიკა. სპეციალისტების მიერ მოხდება კედლის მხატვრობის გაწმენდის მეთოდიკის შერჩევა, რის შემდეგაც დაიწყება გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები.” – ნათქვამია სააგენტოს სპეციალურ განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. საქმე აღძრულია სსკ-ის 188-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.

ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მოქმედია და იქ მუდმივად აღევლინება ღვთისმსახურება. თუმცა ამ დროისათვის ეკლესია დაკეტილია და იქ შესვლა ვიზიტორებისა და ტურისტებსთვის დროებით შეზღუდულია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უკანასკნელი წლებია ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის გეგმას ახორციელებს. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური კომპლექსური კვლევები და სამუშაოები, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ინტერიერში წარმოდგენილი XII საუკუნის ფრესკების საკონსერვაციო მდგომარეობის კვლევა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი