ცვლილებების მიხედვით, გამოძიებისას დაკითხვა საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით იწარმოებს 2013 წლის 31 დეკემბრამდე, ნაცვლად 2013 წლის 1 სექტემბრისა.
მოქმედი კანონმდებლობით, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი, რომლის მიხედვითაც მოწმე უნდა დაიკითხოს სასამართლოში და არა გამომძიებლის მიერ პოლიციაში ან პროკურატურაში, 2013 წლის 1 სექტემბრიდან შედის ძალაში, თუმცა რამდენიმე კვირის წინ მთავრობამ ამ ნორმის ამოქმედების გადავადება ითხოვა იმ მოტივით, რომ საგამოძიებო ორგანოები არ არიან მზად იმოქმედონ ამ ახალი ნორმით.
“წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებდა 2014 წლის 1 დეკემბრამდე ვადის გადავადებას. მსჯელობის შემდეგ კომიტეტზე მივიღეთ გადაწყვეტილება და აღნიშნული ვადა განისაზღვრა 2013 წლის 31 დეკემბრამდე. გამომდინარე იქიდან, რომ საგამოძიებო ორგანოები ჯერ-ჯერობით არ არიან მზად საჯაროდ განახორციელონ მოწმის დაკითხვა, კანონმდებლობა არ არის სრულყოფილი მოწმის დაცვის თვალსაზრისით, არ არის სრულყოფილი გამოსაკითხი პირის და მოწმის ჩვენებებს შორის არსებითი სხვაობის შემთხვევაში, რა პასუხისმგებლობა ვის ეკისრება, აქედან გამომდინარე, პროცესის სრულყოფის მიზნით აღნიშნული ვადა საჭიროებს გადავადებას და ეს ვადა განისაზღვრა კომიტეტის სხდომაზე,” – აცხადებს მთავრობის საპარალემენტო მდივანი შალვა თადუმაძე.
