წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა ის პირი, ვინც უნივერსიტეტში აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობას ფლობს და აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავდა, მოგვიანებით ეს ვარიანტი ჩასწორდა და განისაზღვრა, რომ მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო შეარჩევდა, პრემიერ-მინისტრი კი დაამტკიცებდა. თუმცა სამოქალაქო სექტორის და საპარლამენტო უმცირესობის პროტესტის შედეგად ეს ვარიანტიც შეიცვალა.
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.”
კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობების დაკავებისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება უწყდებათ.
