ახალი ამბები

რა შეცვალა მიწის უცხოელებზე მიყიდვის შეჩერებამ

24 ივლისი, 2013 • • 1145
რა შეცვალა მიწის უცხოელებზე მიყიდვის შეჩერებამ

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობამ კანონის გვერდის ავლა შეძლო.

 

გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა, დაიწყო ახალი პროცესი, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსის შეცვლაში გამოიხატება:

 

“მორატორიუმის შემოღების პარალელურად გააქტიურდა მიწებისთვის სტატუსის შეცვლის მსურველთა რაოდენობა, ეს მაჩვენებელი გაიზარდა, აშკარად. აქამდე არ ცვლიდნენ ხოლმე სტატუსს. ყოველ შემთხვევაში, თუ აუცილებლობა არ იყო. მით უმეტეს, ვიცით, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი ჰექტარზე არის საშუალოდ 100 ლარი და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აქვს მისი შემცირების და ასევე გაზრდის უფლება 150%-ით, მეტი არა. მაშინ, როცა არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი არის მეტი, გაცილებით მეტია. 0,24 თეთრი არის ერთ კვადრატულ მეტრზე. შესაბამისად, ინტერესი არ იყო, რომ შეეცვალათ კატეგორია. მორატორიუმის დაწყების მერე პროცესი გაცხოველდა. “

 

მისივე განმარტებით, ამან ორი რამე გამოაჩინა:

 

“იპოვა მსურველმა რაღაც თეთრი ლაქა და სცადა, რომ გვერდი აუაროს იმ პროცესს, რა პროცესის დარეგულირებასაც ჩვენ ვცდილობთ მორატორიუმით. აქ მეორე საინტერესო დასკვნაა კიდევ, რომ რა უგუნურად ვექცეოდით ჩვენს მიწებს. ხანდახან ხომ არის ხოლმე, მიწის გადასახადი არის დიდი,  დიდი კი არა, აგერ, ადამიანები თნახმანი არიან, ათასობით მეტი გადაიხადონ, ოღონდ კი მიწას დაეუფლონ. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში, როცა გადავწყვიტეთ მორატორიუმი შემოგვეღო და ერთგვარი პაუზა აგვეღო იმისათვის, რომ შეგვეხედა პროცესებისათვის და ერთიან ჩარჩოში მოგვექცია სისტემა.”

 

სტატუსის შეცვლის პროცესის შესაჩარებლად გიგლა აგულაშვილმა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირეს, რომელიც მიწისთვის სტატუსის შეჩერების პროცედურის შეცვლას ითვალისწინებს:

 

“ამ რეგისტრაციით კატეგორიის შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას ვაძლევთ მთავრობას. დღეს თუ გინდათ კატეგორიის შეცვლა, მიდიხართ საჯარო რეესტრში და უცვლით კატეგორიას. ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ახლა უკვე იქნება პასუხისმგებელი ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს რეგულაცია, ისევე, როგორც მორატორიუმი, იქნება დროებითი. მას შემდეგ, რაც მორატორიუმით განსაზღვრული ვალდებულებები შესრულდება მთავრობის მიერ, თავისთავად ცხადია, რომ ეს რეგულაციაც მოიხსნება. ჩემი მიზანია, ნათელი, ღია, გამჭირვალე, ცალსახად აღსაქმელი საკანონმდებლო ბაზა შევქმნათ, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი