ახალი ამბები

მერაბიშვილის ადვოკატი: აშშ-ის დაკვეთით მომზადებული დასკვნა 26 მაისის საქმეზე ბევრ რამეს შეცვლის

24 ივლისი, 2013 • • 1262
მერაბიშვილის ადვოკატი: აშშ-ის დაკვეთით მომზადებული დასკვნა 26 მაისის საქმეზე ბევრ რამეს შეცვლის

როგორც ადვოკატმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ამ დასკვნის მომზადებისთვის კომპანია “ბენსუსი” ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიქირავა, ხოლო მომზადებული დოკუმენტი 2011 წელს შსს–ს გადაეცა და დღემდე ამ უწყებაში ინახება.

 

“როდესაც [2011 წლის 26 მაისს] აღნიშნული მიტინგის დაშლა მოხდა, ამერიკის საელჩოს მეშვეობით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუკვეთა ერთ–ერთ ფირმას, “ბენსუსს” ექსპერტიზის ჩატარება აღნიშნული მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით, ანუ, რამდენად კანონიერი იყო და რა რეკომენდაციებს მისცემდნენ. ჩატარდა ეს ექსპერტიზა, იყვნენ საქართველოში ამ კომპანიის წარმომადგენლები და შემდეგ ეს დასკვნა გადაეცა შს სამინისტროს. მე რაც ვიცი ბატონი მერაბიშვილისგან, დასკვნაში საუბარი არის იმაზე, რომ მიტინგის დაშლის დროს არ ყოფილა ხელმძღვანელობითი პირების მიერ კონკრეტული გადაცდომის ფაქტი, შიგნით ასევე დევს რეკომენდაციები”.

 

ადვოკატის თქმით, მან მიმართა აშშ-ის საელჩოს და გამოითხოვა აღნიშნული კვლევა, საიდანაც მიიღო პასუხი, რომ “ბენსუსის” მიერ ჩატარებული კვლევა გადაცემული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

აღნიშნული დასკვნის შესახებ ინფორმაციას ფლობს შოთა უტიაშვილი, რომელიც 2011 წლის 26 მაისს შს სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა:

 

“ეს დასკვნა ნამდვილად არსებობს, თუმცა მის შინაარსზე საუბარი მე არ მინდა. ის ფირმა, რომელმაც ეს დასკვნა დადო, ამ სფეროში ყველაზე კომპეტენტურად ითვლება, თან ეს ფირმა აშკარად დამოუკიდებელია, არც ერთ და არც მეორე მხარეს ზეგავლენის მოხდენის საშუალება არ გვქონია… მით უმეტეს, რომ ფული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაიხადა. დასკვნა ძალიან სქელტანიანია და მოიცავას თითოეული დანაყოფის საქმიანობის ავკარგიანობის შეფასებას. ფირმა ამერიკელებმა თვითონ იქირავეს. სწორედ ამერიკულმა მხარემ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება ამგვარი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ”, – აცხადებს უტიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

გიორგი ჩივიაშვილი ზემოხსენებული დოკუმენტის ვანო მერაბიშვილის სასამართლო საქმეში მტკიცებულების სახით ჩადებას მოითხოვს. როგორც მან “ნეტგაზეთს” უთხრა, ამერიკული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა იმდენად მნიშვნელოვან ნიუანსებს მოიცავს, რომ მისი სასამართლო განხილვის შემთხვევაში, შესაძლოა, მერაბიშვილის გამამართლებელი განაჩენიც კი უზრუნველყოს. როგორც ცნობილია, მერაბიშვილს 26 მაისის აქციის საქმეზე ბრალი მიმდინარე წლის 28 მაისს წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა, ადვოკატი კი დასკვნის საქმეზე დართვის საკითხის მოგვარებას ჩქარობს:

 

“როგორც გითხარით, ეს დასკვნა 2011 წელს გადეცა შს სამინისტროს, ჩვენ ახლა გავუკეთეთ მოთხოვნა, რაზეც, სამწუხაროდ, პასუხიც კი არ მიგვიღია და ამიტომ ადმინისტრაციული წესით გავასაჩივრებთ იმას, რომ ამ დასკვნის მიღების შესაძლებლობა არ გვეძლევა შსს–დან.  ეს დასკვნა საქმეში მოთავსებული არ არის. ის უამრავ რამეს შეცვლის. ამ დასკვნაში უკვე ყველაფერზეა ნამსჯელი, რაზეც გამოძიება ახლა მსჯელობს. თუკი ისინი ნახავენ და გვექნება შესაძლებლობა, რომ სასამართლომ ამ დასკვნის ირგვლივაც იმსჯელოს, უამრავი ისეთი ნიუანსი გამოიკვეთება, რომელიც ვანო მერაბიშვილის გამამართლებელ განაჩენს დააყენებს”.

მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტული ანალიზი მერაბიშვილის საქმეს უნდა დაერთოს, იზიარებს შოთა უტიაშვილიც:

“ეს არის ყველაზე უფრო ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც არსებობს 26 მაისის ირგვლივ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ის უნდა გახდეს სასამართლო განხილვის საგანი. იქ ძალიან კონკრეტულად არის შეფასებული პოლიციის თითოეული დანაყოფის საქმიანობა. ამაზე უფრო კომპეტენტურ დასკვნას, რომელსაც, წესით, ორივე მხარე უნდა ენდოს, ვერც პროკურატურა დადებს და ვერც დაცვის მხარე”, – ამბობს იგი.

“ნეტგაზეთის” კითხვას, თუ რატომ არ გაასაჯაროვა შსს–მ დოკუმენტი, თუკი ის ასეთი მნიშვნელოვანი იყო 2011 წელს, როდესაც უწყებას ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა, უტიაშვილი პასუხობს, რომ ეს ამერიკული მხარის თხოვნა იყო:

“მაშინ იყო თხოვნა, რომ ეს ყოფილიყო შიდა მოხმარების დოკუმენტი. დღეს, რადგან ეს გადაიქცა სასამართლო განხილვის თემად და რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენც და ამერიკელებსაც გვინდა, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება, ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტი უნდა გახდეს სასამართლოს განხილვის საგანი. ასეთი დოკუმენტები ხშირად დგებოდა ხოლმე მაშინ, მერე ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოცდილების გაზიარება, სწავლა, დაშვებული შეცდომების გამოსწორება ხდებოდა”, – აღნიშნავს იგი.

საქართველოს შს სამინისტრომ ჯერჯერობით “ნეტგაზეთს” ვერ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, ინახება თუ არა უწყებაში მსგავსი დასკვნა და რატომ არ გადაეცა იგი მერაბიშვილის ადვოკატს. როგორც “ნეტგაზეთს” შსს–ს პრესსამსახურში განუცხადეს, ისინი ამ საკითხზე ინფორმაციის მოპოვებას შეეცდებიან და მისი მიღების შემთხვევაში გვაცნობებენ. ამერიკის საელჩოს პრესსამსახურში კი ამ საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გასცეს.

2011 წლის 26 მაისის საქმეში არსებულ ახალ დეტალებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში პირველად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა, როდესაც განაცხადა, რომ “26 მაისს ამერიკული FBI-ის ჯგუფი იჯდა საქართველოს  შსს-ში, მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს ადევნებდა თვალს მონიტორებზე და ბოლოს დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი იყო კანონიერი”. მოგვიანებით მას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით ბაქრაძეც, რომელმაც “პოლიტმეტრის” ეთერში თქვა, რომ FBI–ის წარმომადგნლების მიერ 26 მაისის მიტინგის დაშლის მონიტორებზე ყურების შესახებ არაფერი იცის, თუმცა მასაც სმენია, რომ ამერიკულმა მხარემ ეს საკითხი შეისწავლა:

“იმ ინფორმაციით, რომელიც მე მაქვს და თავის დროზე ეს ინფორმაცია მქონდა ვანო მერაბიშვილისგან, როგორც შს მინისტრისგან, და შემდეგ ამერიკული მხარისგანაც ვიცი, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა, გარკვეული ჯგუფი ამერიკელი ექსპერტების იმ დროს იმყოფებოდა საქართველოში, ისინი აწარმოებდნენ პოლიციის ტრენინგს დემონსტრაციებთან ურთიერთობაში და მას შემდეგ, რაც უკვე დასრულდა 26 მაისი, ამ ჯგუფის მიერ გარკვეული კვლევა იქნა ჩატარებული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ კვლევის შედეგი (ოღონდ აქ საუბარია იმაზე, რომ  26 მაისის შემდგომ დღეებში ჩატარდა პოლიციის მოქმედების ანალიზი და კვლევა) იყო ის, რომ ზოგადად პოლიციის მოქმედება იყო გამართლებული, თუმცა იყო შემთხვევები, სადაც პოლიციელები მოქმედებდნენ ძალის გადამეტებით და გაუმართლებლად, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ზოგადი სქემა იყო გამართლებული”, – განაცხადა ბაქრაძემ.

აქციის დაშლა თბილისში. 26.05.2011/ფოტო: Reuters
აქციის დაშლა თბილისში. 26.05.2011/ფოტო: Reuters

დღეს პრეზიდენტის ზემოხსენებულ განცხადებას FBI-სთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ვიცესპიკერი მანანა კობახიძეც გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტში თქვა, რომ სააკაშვილს სჩვევია სიცრუის ტირაჟირება, თუმცა ის, რაც მან 26 მაისთან დაკავშირებით განაცხადა, არის სკანდალური.

 

“არ მინდა ქვეყანას სააკაშვილის განცხადებების გამო სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ–თან რაიმე პრობლემა შეექმნას,” – განაცხადა მან და გამოთქვა მოსაზრება, რომ სამართალდამცველები პრეზიდენტის ამ განცხადებით დაინტერესდნენ და კითხვები დაუსვან იმდროინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს.

რაც შეეხება აშშ–ის პოზიციას, დღეს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გაახმოვანა გორში სტუმრობისას:

“მე პირადად 2011 წლის მაისში არ ვიმყოფებოდი საქართველოში, თუმცა ვიცი, რომ საქართველოსთვის ეს უდიდესი ტრაგედია იყო. თუ თვალს გადავავლებთ განცხადებებს, რომელიც შეერთებული შტატების მხრიდან კეთდებოდა, ნახავთ, რომ ჩვენ სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებისკენ მოვუწოდებდით და ვამბობდით, რომ უნდა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებიც დამნაშავენი არიან. გავითვალისწინოთ ისიც, რომ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და ახლა ჩვენი მხრიდან, ალბათ, არ იქნება მართებული, რომ ამ ფონზე კომენტარები ვაკეთოთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი