ახალი ამბები

შეღავათიანი კრედიტები ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდების შემოწირულობებით

24 ივლისი, 2013 • 1588
შეღავათიანი კრედიტები ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდების შემოწირულობებით

“26 ივლისს მთავრობის სხდომა გაიმართება, სადაც ამ საკითხებზე იქნება საუბარი და ცნობილი გახდება მთავრობის პოზიცია,” – უთხრეს “ნეტგაზეთს” პრემიერის პრეს-სამსახურში.

 

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED) 22 ივლისს გამოაქვეყნა წინასაარჩევნო მონიტორინგის შესახებ პირველი ანგარიში, სადაც პრობლემურად გამოყო ის ფაქტი, რომ ფონდ “ქართუს” საქმიანობა შეიძლება დაკვალიფიცრდეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა:

 

“საქმე ეხება გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირთან, ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული ფონდი „ქართუს “მიერ ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის  მეურნეობის განვითარების ფონდის“ ფინანსურ მხარდაჭერას. ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც ფონდი ახორციელებს, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტია“, რომელიც მიზნად ისახავს დაბალპროცენტიანი აგროკრედიტების გაცემას. საზოგადოების მხრიდან საარჩევნო მიზნების მქონე პირთან ასოცირებული  იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მიმართულია ამომრჩევლის მატერიალური დაინტერესებისკენ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის მიერ დადგენილი შეზღუდვებს და მიზნებს ეწინააღმდეგება”, – ნათქვამია 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის პირველ ანგარიშში, რომელსაც ISFED-მა გამოაქვეყნა.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ორ პროექტს, ესენია: “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი” და “მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი”. ორივე პროექტს “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი” აფინანსებს, ხოლო, თავის მხრივ, ფონდს ორივე პროექტისთვის შემოწირულობები მიღებული აქვს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუსგან” და “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისგან”. ორივე შემწირველი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული, რომელიც, იმავდროულად, არის კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი. აღნიშნული კოალიცია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს და მათი საპრეზიდენტო კანდიდატია გიორგი მარგველაშვილი.

 

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას თქმით, ფონდ “ქართუში”, რომელიც აფინანსებს “სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს” და, შესაბამისად, შეღავათიანი აგრიკრედიტისა და მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტებს, ფიგურირებენ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

“ამ პროექტებით სარგებლობენ რიგითი მოქალაქეები, ამიტომ ეს შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა…  ფონდ “ქართუს” მოვუწოდებ, რომ სოფლის მეურნეობის ფონდში თანხის გადარიცხვა შეაჩეროს,” – აცხადებს ლომჯარია.

 

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” 2010 წლის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ფონდის ხელმძღვანელები არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. 2012 წლის ივლისიდან ფონდის დირექტორია ნიკოლოზ ჩხეტიანი. “ნეტგაზეთი” შეეცადა მასთან დაკავშირებას იმის გასარკვევად, თუ რა ფინანსური წვლილი მიუძღვის სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსებაში ფონდ “ქართუს”, თუმცა, როგორც ფონდში გვითხრეს, დირექტორი ამ დროისთვის შვებულებაშია. ფონდის იურისტმა ნინო კიკნაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ფონდი “ქართუ” ამ საკითხზე რაიმე ინფორმაციას არ გასცემს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ მათი ორივე შემოწირულობებით მიღებული სახსრებით ხორციელდება. კერძოდ, “მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტისთვის” ფონდ “ქართუს” შემოწირულობამ 171 993 050 ლარი შეადგინა. ამავე პროექტის დაფინანსებისთვის “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა” 10 მილიონი ლარი გაიღო.

 

ამ პროექტის ფარგლებში მოსახლეობისთვის გათვალისწინებულია კომბინირებული ბარათები (რომელიც მიწის ხვნისა და დადისკვის სამუშაოებს ითვალისწინებს) და ნომინალური ბარათები (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შესაძენად). ამ პროექტის ფარგლებში დარიგებული ბარათების განაღდება 1 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი. პროექტი გათვლილი იყო 700 ათას ბენეფიციარზე.

 

რაც შეეხება “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს”, იგი 3 კომპონენტისგან შედგება და მესამე კომპონენტი ითვალისწინებს მილიონ ლარამდე სესხებს საწარმოებისთვის. ამ კომპონენტის ფარგლებში, 1 ივლისის მონაცემებით, 81 კრედიტია (11 666 328 აშშ დოლარი) გაცემული, თუმცა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება 100-მდე საწარმოს დაფინანსება ამ პროექტის ფარგლებში. 

 

“შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” დაფინანსებისთვის ფონდ “ქართუს” შემოწირულობამ შეადგინა 9 მილიონი ლარი, ხოლო “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის” შემოწირულობამ – 1 მილიონი ლარი. 

 

“სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი” 2012 წლის 26 დეკემბერს დარეგისტრირდა და მას, საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, ერთადერთი დამფუძნებელი ჰყავს – უჩა მამაცაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრია. ამას გარდა, უჩა მამაცაშვილი, რომელიც წლების მანძილზე ცხოვრობდა და საქმიანობდა რუსეთში, 2002 წლიდან იყო აგროსამრეწველო კორპორაცია “სტოილენსკაია ნივას” გენერალური დირექტორი, ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის ზაფხულში 180 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.

 

“სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი”, სადაც სწირავენ “ქართუ” და “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი” ფინანსებს, 2013 წლის 22 იანვარს დარეგისტრირდა. ფონდის დამფუძნებელია სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მიერ. ფონდის გამგეობა შედგება 12 წევრისგან, რომლის შემადგენლობაში არიან მოქმედი მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და პარლამენტის წევრები. ფონდის გამგეობის თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით, პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით საქონლის ან მომსახურების მიყიდვა ან მიწოდება, უსასყიდლოდ საქონლის ან მომსახურების მიწოდება ან გავრცელება, ან საქართველოს მოქალაქის დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა ან მომსახურების (მათ შორის, ფიქციური შრომითი ან სხვაგვარი ურთიერთობების დამყარების) მიწოდებით ან დაპირებით.

 

ამავე კანონის მიხედვით, პარტიისთვის დადგენილი ეს შეზღუდვები ვრცელდება პირზე, რომელსაც აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.

 

ISFED-ის ანგარიშში ასახულია, რომ გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირთან, ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ ფონდ „ქართუს“ მიერ ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის  მეურნეობის განვითარების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერა შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი