ახალი ამბები

ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი მოსახლეობაში პანიკას თესავს

24 ივლისი, 2013 • • 1312
ბესელია მიიჩნევს, რომ  პრეზიდენტი მოსახლეობაში პანიკას თესავს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პანიკას თესავს:

 

“სააკაშვილი გამოეხმაურა ბათუმში, 16 წლის გოგონას მოკვლის ფაქტს და მან და ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომლებშიც პანიკის დათესვის და მოსახლეობის დაზაფვრის ნიშნები შეიმჩნევა. იმ ფონზე, როდესაც 14 ათასი ადამიანია ციხიდან გათავისუფლებული, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 3 300 ერთეულით არის შემცირებული დანაშაულის რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით. აჭარაში 60%-ს მიაღწია დანაშაულის გახსნის რაოდენობამ და მთლიანად ქვყენის მასშტაბით არის 52%. შარშან, აჭარაში დანაშაულის გახსნის კოეფიციენტი იყო 16%. “

 

დეპუტატის მტკიცებით, ეს ციფრები იმას მეტყველებენ, რომ პანიკის, შეშფოთების და საზოგადოების დამძიმების საფუძველი არ არსებობს.  მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმე გაიხსნება:

 

“ბათუმში 16 წლის გოგონას მომხდარი მკვლელობა სამწუხარო ფაქტია, თუმცა მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა და პანიკის არანაირ საფუძველს ვერ ვხედავ. ამის თქმის საშუალებას მაძლევს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები იმ მდგომარეობაზე, რაც წელს არის და რაც გასულ წლებში იყო. მკვლელობის ფაქტი ძალიან მძიმეა და მას ჭირდება გახსნა, მაგრამ ის, რომ მკვლელობები არ ხდებოდა ადრე, რასაც სააკაშვილი ამბობს, უბრალოდ ეს სტატისტიკა ამიტომ მოვიყვანე.”

 

ბესელიას მიერ ჟურნალისტებისთვის მიწოდებული დოკუმენტის თანახმად, რომელიც მისი თქმით ოფიციალური მონაცემებია, წერია, რომ:

 

წელს აჭარის რეგიონში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შეადგენს 60%, მაშინ როცა გასულ წელს მხოლოდ 16% იყო. ასევე უნდა აღინიშნოს,  რომ 3300 ერთეულით არის შემცირებული დანაშაულის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, გახსნის მაჩვენებელი კი 52%-ია . ასევე წელს აჭარაში გაორმაგებულია ტურისტების რაოდენობა. ეს იმ ფონზე, როცა 14 ათასი პატიმარია გათავისუფლებული და შიშისა და ტერორის განცდა არ არის. კონკრეტულად მკვლელობები აჭარის რეგიონში ზაფხულის სეზონში გასულ წლებშიც ხდებოდა. და ხაზგასასმელია, რომ გასულ წლებში კონკრეტულად ამ რეგიონში არის გაუხსნელი მკვლელობები: 

2007  – 11  მკვლელობა, აქედან  2 გაუხსნელი

2008 – 9 მკვლელობა, აქედან 4 გაუხსნელი

2009 – 7 მკვლელობა, აქედან 1 გაუხსნელი  

2010 – 11მკვლელობა, აქედან 3 გაუხსნელი

2011 – 8 მკვლელობა, აქედან 1 გაუხსნელი

2012- 2 მკვლელობა, 2-ვე გახსნილია”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი