ახალი ამბები

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

24 ივლისი, 2013 • 2001
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

ამავე საქმეზე ასევე დაკავებული არიან შპს “დამოუკიდებელ შემფასებელთა და აუდიტორთა კომპანია აუდიტ ესკორტის“ დირექტორი მინდია ტაბაღუა და მოქალაქე დავით ქოროღლიშვილი.

 

გამოძიების ცნობით, 2012 წლის ოქტომბერში  დორეულის ხელშეწყობითა და ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გია დორეულის დეიდაშვილს – დავით ქოროღლიშვილს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქონების ურთიერთგაცვლის შესახებ,  რომლის თანახმადაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქალაქ მარნეულში მდებარე 1947 კვ. მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული  პოლიციის ყოფილი შენობა, მოქალაქე დავით ქოროღლიშვილს 15 ჰა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ გადაეცა. აღნიშნული ქონებები გაცვლამდე ექსპერტ მინდია ტაბაღუას მიერ 128 000 ლარად  შეფასდა.

 

გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, გაცვლის მომენტში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების რეალური ღირებულება 982 421 ლარს შეადგენდა, ხოლო მოქალაქე დავით ქოროღლიშვილის მიწის ნაკვეთის ღირებულება- 102 742 ლარს.

 

2013 წლის ივნისში აღნიშნული მიწის ნაკვეთი და შენობა იმავე მდგომარეობაში კერძო მესაკუთრეების მიერ 600 000 აშშ დოლარად გასხვისდა.

 

გამოძიების ინფორმაციით, ხსენებული ქმედებით სახელმწიფოს 879 679 ლარის ზიანი მიადგა.

 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი