ახალი ამბები

როშეს და მერკის ოფისების პიკეტირება “ეგელირებული ინტერფერონის” ფასის გამო

24 ივლისი, 2013 • • 2773
როშეს და მერკის ოფისების პიკეტირება “ეგელირებული ინტერფერონის” ფასის გამო

ორგანიზაციის ხელმძღვანელის პაატა საბელაშვილის ინფორმაციით, პიკეტი ხეთაგუროვის ქ. 6 –ში, ერთ-ერთ კომპანიასთან დაიწყება და ბარათაშვილის ქუჩის გავლით, თავისუფლების მოედანთან, გალაკტიონის ქუჩაზე მეორე ფარმაკომპანიის ოფისის პიკეტირებით გაგრძელდება.

 

პაატა საბელაშვილი ამბობს, რომ ორივე ფარმაცევტულ კომპანიას საქართველოში “ეგილირებული ინტერფერონი” მაღალ ფასში შემოაქვს:

 

ინტერფერონი
ინტერფერონი

“მსოფლიო ბაზარზე “ეგილირებული ინტერფერონი” ძირითადად “როშეს” და “მერკის” გამოაქვს. ამ ორ კომპანიას შორის ადგილი აქვს ფასში შეთანხმებას. მართალია, ჩვენ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პრეპარატის ერთი წლის მოხმარების დოზას კომპანიები ბაზარზე 15 ათას აშშ დოლარად გამოიტანენ. ეს კი საკმაოდ მაღალი ფასია. ეგვიპტეში ეს პრეპარატი 2 ათასი დოლარი ღირს.”

 

პაატა საბელაშვილის განცხადებით, თბილისში, ფარმაცევტული კომპანიების ოფისებთან დღეს გამართულ პიკეტებს ერთჯერადი ხასიათი ექნება:”ჩვენ ვეტყვით “როშეს”, რომ “ეგელირებული ინტერფერონის” ფასთან დაკავშირებით ნუ “როშავს”, ხოლო “მერკი” კი, ნუ არის მერკანტილური”. 

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის პროგრამული დოკუმენტი უკვე შემუშავებულია, ჯანდაცვის სამინისტრო კი მსგავს დოკუმენტს დანარჩენი მოქალაქეებისთვის ამზადებს.

 

როგორც სამინისტროების წარმომადგენლები აცხადებენ, თუკი C ჰეპატიტთან ბრძოლა სისტემურ ხასიათს მიიღებს და სახელმწიფო საჭირო მედიკამენტების დიდ ოდენობას მოითხოვს, მკურნალობის ფასი შესაძლოა 50%–მდე შემცირდეს.

 

მედიკამენტის ფასის გათვალისწინებით C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანის მკურნალობა დღეისათვის 13 000 ლარიდან 27 000 ლარამდე ჯდება, თუმცა მოლაპარაკებების საფუძველზე სახელმწიფო მინიმუმ ფასის გამეოთხედებას ვარაუდობს და სასჯელაღსრულების სისტემაში პროგრამის განხორციელება სამოქალაქო საზოგადოებასაც დაეხმარება:

 

“ჩვენი მონაცემებით, სამოქალაქო სექტორში ამ დროისთვის მკურნალობას 47 500 პაციენტი საჭიროებს, მკურნალობის ხარჯები დღევანდელი გათვლებით 98 მილიონ ლარს შეადგენს. ეს საკმაოდ დიდი რესურსია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია თუნდაც ეტაპობრივად დაიწყოს C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, სამოქალაქო სექტორში მკურნალობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დოკუმენტი შემუშავების პროცესშია და ამ წლის აგვისტოში უკვე მზად იქნება”–ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში 150 მილიონი ადამიანი ჰეპატიტითაა დაავადებული, ყოველწლიურად ამ დაავადების გამო 350 000 ადამიანი იღუპება. საქართველოში 2002 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, პრელევანტობა 6.7%–ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი რისკის მაჩვენებელად ითვლება.

 

სასჯელაღსრულების სისტემაში დაავადებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო კვლევების თანახმად, სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით აქ დაავადების გავრცელების მაჩვენებელი სამჯერ უფრო მაღალია. ციხეში გარდაცვლილი ადამიანების 18%–ის შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი სწორედ ჰეპატიტით გამოწვეული დაავადებებითაა განპირობებული.

 

C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მკურნალობა აქამდე არც სახელმწიფო და არც კერძო სადაზღვევო პაკეტებში გათვალისწინებული არ ყოფილა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი