ახალი ამბები

ბრალდებული მღვდელი: მალე იტყვიან, რომ წმ. გიორგი აგრესიულია და მოძალადე [Video]

23 ივლისი, 2013 • • 1216
ბრალდებული მღვდელი: მალე იტყვიან, რომ წმ. გიორგი აგრესიულია და მოძალადე [Video]

“ძალიან მალე უცხოელი უფლებადამცველები და ჩვენი უფლებადამცველები, რომელთაც ისინი აფინანსებენ, მოგვთხოვენ, რომ რაც მოხდა, ის 17 მაისის ამბები… თავისუფლების მოედანზე არის ასეთი ძეგლი წმინდა გიორგი და ურჩხული და მალე იტყვიან, რომ წმინდა გიორგი აგრესიულია და მოძალადე და მოგვთხოვენ, რომ დავიცვათ ურჩხულის უფლებები. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. მე დავსვი შეკითხვა, რომ ჩემი უფლებები დაირღვა თუ არა, არავის- არც საიას, არც მაიას, არც თინიკოს და არც ნატოს, არავის ხმა არ ამოუღია, ახლა მეორე შეკითხვას დავსვამ: სიმბოლურად რას ნიშნავს ურჩხული თავისუფლების მოედნაზე? ყველას ვეკითხები ამას, რისი სიმბოლოა ურჩხული?” – განაცხადა სასულიერო პირმა.

 

იმავე საქმეზე ბრალდებულმა მეორე მღვდელმა იოთამ (ირაკლი) ბასილაიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასულიერო პირების სასამართლო პროცესი 1 აგვისტოსთვის გადაიდო. დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე განიხილავდნენ შუამდგომლობებს მტკიცებულებების დაშვების შესახებ. 

 

იმის გამო, რომ მოსამართლესაც და ადვოკატებსაც სხვადასხვა სასამართლო პროცესები ჰქონდათ დღეს ჩანიშნული და ვერ ესწრებოდა ამ შუამდგომლობების განხილვა, შესაბამისად, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის 1 აგვისტოს გაგრძელების შესახებ. 

 

მოსამართლეს სურდა, რომ სასამართლო სხდომა გაგრძელებულიყო 30 ივლისს, თუმცა სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ ამ დღეს საეკლესიო დღესასწაულია და ყველანი ეკლესიებში უნდა იყვნენ. ამის შემდეგ მოსამართლემ სასამრთლო 1 აგვისტოს დანიშნა. 

 

თამაზ ბიჩინაშვილს (მამა ანთიმოზი), ირაკლი ბასილაიას (მამა იოთამი), ტიტალ დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილის ბრალი სიხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ეს მუხლი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესს ყველა ბრალდებული ესწრებოდა.

 

17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში უნდა გამართულიყო აქცია-ფელშმობი, რისი საშუალებაც უფლებადამცველებს არ მისცეს სასულიერო პირებმა, მრევლმა და ადამიანების ჯგუფმა, რომლებმაც კონტრაქცია გამართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი