კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კანონპროექტს ხვალ, 24 ივლისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ. როგორც კანონპროექტის ავტორი თამაზ ავდალიანი ამბობს, ე.წ. სპაისების ტესტი შს სამინისტრომ უკვე შეიძინა:

 

“თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონპროექტს, სპაისების მოხმარება გახდება დასჯადი. ახალგაზრდები იწერენ ინტერნეტით, არავითარი რეგულაცია ამ მხრივ არ არსებობს და თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, გახდება დასჯადი. სპაისები ძალიან მავნეა ჯანმრთელობისთვის. მცირეწლოვანი ბავშვები იწერენ ამას და იყენებენ. ჩვეულებრივი, ბუნებრივი კანაბინოიდისგან განსხვავებით 5-ჯერ, 10 -ჯერ უფრო ძლიერია და მძიმე შედეგები მოაქვს ამას.”

 

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში შესაბამისი ტესტი უკვე შემოტანილია:

 

“ამჟამად, უკვე ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ტესტების ნაწილი შემოტანილია. ამ ინიციატივაზე კონსულტაციები იყო ნარკოლოგებან და შს სამინისტროსთან. შემოტანილია უკვე ეს ტესტები. თუ ვინმეს ამოუვარდება, დასჯადი იქნება ჩვეულებრივად, როგორც სხვა ნარკოტიკი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, უბრალოდ ოდენობაზე ისეთი ავიღეთ, ციხეში რომ არ ჩაყარონ ადამიანები. ერთი შეკვრა იქნება ადმინისტრაციული დარღვევა.”

 

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოში სულ უფრო ფართოდ ვრცელდება ე.წ. სპაისების მოხმარება:

 

“სპაისები არის მცენარეული სუბსტანციები, გაჟღენთილი სინთეზური კანაბინოიდებით. სინთეზური კანაბინოიდებით შეადგენენ განსხვავებული სტრუქტურების მქონე ქიმიურ ნივთიერებათა ჯგუფს: JWH-018, JwH-081, JWH-122, JWH-398, JWH-073, JWH-200, HU-200, CP-47 ,497. სინთეზური კანაბინოიდები ფუნქციურად ტეტრაკანაბინოიდის ანალოგები არიან და იწვევენ კანაბინოიდების მსგავს ფსიქო-ფიზიოლოგიურ რეაქციებს ადამიანში. ამავდროულად, სინთეზური კანაბინოიდები 5-ჯერ უფრო ძლიერია”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *