ახალი ამბებიხელოვნება

ხელოვნება – თბილისის კინოფესტივალის მთავრი თემა

10 დეკემბერი, 2017 •
ხელოვნება – თბილისის კინოფესტივალის მთავრი თემა

უნდა საუბრობდეს თუ არა ხელოვნება პოლიტიკაზე, გვასწავლიდეს თუ არა ეთიკას და აქვს თუ არა ამ საკითხებზე რეფლექსიის საშუალება?! – სწორედ ეს შეკითხვები დასვა თბილისის კინოფესტივალის სექციაში “ხელოვნება” წარმოდგენილმა ფილმებმა  და სხვა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებმა.

თბილისის კინოფესტივალი, რომელიც წლის მთავარ კინომოვლენებს აჯამებს, დასრულდა. 9 დეკემბერს კინოთეატრ ამირანში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. თუმცა თბილისის მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი თემა ხელოვნება იყო. “ნეტგაზეთი” კინოფესტივალის მთავარი თემის შესახებ სექცია “ხელოვნების” კურატორს ელენე ფასურს ესაუბრა.

ელენე ფასური, ფოტო: თბილისის კინოფესტივალი

2013 წლიდან მოყოლებული კინოფესტივალს, გარდა იმისა, რომ წლის მთავარ კინომოვლენებს აჯამებს, ასევე აქვს მთავარი თემაც, რომელიც ფესტივალის მთავარი ლაიტმოტივი ხდება, ხოლო წარმოდგენილი ფილმები ამ მთავარ თემას ეხმიანება და მასზე რეფლექსიის საშუალებას აძლევს მაყურებელს. წელს ხელოვნება იყო ფესტივალის მთავარი თემა. აღნიშნულ სექციაში კინოფესტივალის მაყურებელს 8 ფილმის ნახვის საშუალება ჰქონდა, მათ შორის ფილმის “კვადრატი”, რომელიც 2017 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებული სურათია და თემის არჩევისას მთავარ ინსპირაციად იქცა.

“კვადრატი” ძალიან თამამი სურათია, რომელიც თამამ შეკითხვებს სვამს იმის ფონზე, რომ ნეოლიბერალურ ევროპაშია გადაღებული. ისეთ პრობლემებს უსვამს ხაზს, როგორიცაა, მაგალითად, პოლიტკორექტულობა არტში. თუკი რეალურ ცხოვრებაში მაინც რჩება კლასობრივი და კულტურული ნაპრალები და ჩვენი ცხოვრების სტილი იმდენად არის დაშორებული, იმდენად სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, უკვე არსებულ ისტორიულ ენაზე, რომელიც ხელოვნება არის, თავისთავად და მეორე მხარისთვის ეს ენა არის შეუღწევადი, ამისდა მიუხედავად, უნდა საუბრობდეს თუ არა ხელოვნება პოლიტიკაზე, გვასწავლიდეს თუ არა ეთიკას, საერთოდ აქვს თუ არა ამასთან მიკარების მორალური უფლება და საერთოდ, რამდენად ეფექტურია ეს?”- ამბობს ელენე ფასური.

“კვადრატის” გარდა ამავე სექციაში აჩვენეს ანჯეი ვაიდას ფილმი “”გამქრალი იმიჯი””, სადაც მოვლენები ომის შემდგომ პოლონეთში ვითარდება. მისი გმირი სახელგანთქმული მხატვარი ვლადისლავ სტრჟემინსკი ლოძის ნატიფი ხელოვნების ეროვნულ სკოლაში პროფესორად მუშაობს. მისი სტუდენტები კი ჯერ კიდევ „თანამედროვე ფერწერის მესიად” თვლიან, მაგრამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და კულტურის სამინისტროს განსხვავებული შეხედულება აქვთ.

“ფილმში მხატვარ კაცს საბჭოთა ცენზურა ავიწროებს. ზოგადად, თანამედროვე სამყაროში  სოციალიზმის და სოცარტის გადააზრება ხდება,  თუმცა ჩვენ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მაინც გვაქვს ძალიან დიდი ტრავმა, რომ თითქოს ხელოვნება არ არსებობდა და ფერთა პალიტრა არ არსებობდა საბჭოთა კავშირში, ამიტომ, ძალიან საინტერესოდ მოგვეჩვენა, რომ ეს ფილმი გვეჩვენებინა”,- ამბობს ელენე ფასური.

სარა დრაივერის „ნამდვილი სენსაცია:ჟან-მიშელ ბასკიას თინეიჯერობის ბოლო წლები””კიდევ ერთი სურათია, რომელიც ამ სექციაში იყო წარმოდგენილი. სურათი 1978-81 წლების ნიუ-იორკში მხატვრის ცხოვრებას ასახავს. წლების განმავლობაში ბასკია  ამ პერიოდის სიმბოლოდ იქცა. ყველაფერს, რაც ქალაქში ხდებოდა, ის შთაბერავდა სულს – პოლიტიკა, ჰიპ-ჰოპი, პანკ-როკი, რასობრივი საკითხები და სახელოვნებო სივრცე..

ერთ-ერთი ფილმი, რომელსაც პროგრამის კურატორი გამოყოფს, არის “კურსის დამთავრება”. სასწავლებელში მიღების პროცესი, მთელი წლის მძიმე სამუშაო და გამოსაშვები გამოცდები- ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ ირჩევს პროფესია თავის მემკვიდრეებს. მაგრამ ყველა ჟიურის წევრს ეჭვები არ ასვენებს და კითხვებს უსვამენ საკუთარ თავს. იქ, სადაც კულტურას ქმნიან და თაობები გვერდიგვერდ მუშაობენ, რას ეფუძნება პროფესიონალების არჩევანი, რომლებიც ახალგაზრდებს ამ პრესტიჟულ სკოლაში იღებენ?

“ლა ფემი” არის ცნობილი კინოაკადემია პარიზში და ფილმში ნაჩვენებია, როგორ ხდება ნამუშევრის შეფასება კომისიის მიერ, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს ახალგაზრდა კინორეჟისორი და არსებობს თუ არა საერთოდ ეს კრიტერიუმები? ამ სკოლის მიმართ ძალიან ბევრი პრეტენზიები არსებობს დღემდე – რომ ეს არის ძალიან სნობური სკოლა. აუცილებელი იყო ამ ფილმის ჩვენება, რადგან ხელოვნების პრესტიჟულობაზე და მასთან წვდომის სირთულეზე ზოგადად არავინ საუბრობს. არადა  იმისათვის,   კარგი სახელოვნებო განათლება მიიღო, შენ გჭირდება უამრავი ფული. თანამედროვე ხელოვნებაში ცხოვრება ჯდება ძალიან ძვირი არტისტისთვისაც… და ხომ არ არის ეს ძალიან დიდი მოტივატორი საზოგადოების დაქსაქსულობისათვის?”.

[red_box]პროპაგანდა – სიგნალი და ყავა[/red_box]

მთავარი თემის არჩევა არ გულისხმობს მხოლოდ ამ თემასთან დაკავშირებული ფილმების ჩვენებას. კინოფესტივალის ფარგლებში დისკუსიებიც იმართება, თუმცა წელს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ დისკუსიების ნაცვლად, გამოსახულებას ელაპარაკა. ფესტივალის ორგანიზატორებმა პლატფორმა “პროპაგანდა” მოიწვიეს, რომელმაც ნანა ყიფიანის კურატორობით ორი გამოფენა მოაწყო. პროპაგანდა თბილისში, 2017 წელს დაარსდა. ეს არის თანამედროვე ხელოვნებისთვის მიძღვნილი ქსელი, რომლის მთავარ მიზანს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და მისი ანალიზისა და კრიტიკის ტრადიციის დამკვიდრება წარმოადგენს

ცნობილი არტისტის კოკა რამიშვილის მიერ 1994 წელს შექმნილი ვიდეონამუშევარი “სიგნალი” გამოიფინა კინოფესტივალის ფარგლებში. ვიდეონამუშევარი ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში ახალი ტექნოლოგიების შემოსვლისა და დამკვიდრების დასაწისი და ამ პროცესის შიდა მძიმე კულტურულ, სოციალურ სიტუაციასთან თანხვედრაა.

სწორედ ამ დროს მხატვარი ერთგვარი “საერთო კოდით”, ტექნოლოგიზირებული ხელოვნების თითქოსდა “მზა სტანდარტებით” აგზავნის შეტყობინებას, სიგნალს, მიჰყვე საკუთარ თავს. მუდმივად მორბენალი, მიზანსწრაფული ადამიანი ეჯახება წინააღმდეგობრივს. აქ აქტიურად ერთვება კონტრაპუნქტის პრინციპი – საპირისპირო მხრიდან წამოსულ სწორკუთხა ფორმის დამაბნეველ რეპრიზებს, შექმნილს გოეთეს ფერთა თეორიაზე დაყრდნობით – წითელი სწორკუთხედი მასში ჩასმული ტექსტით “მიჰყევი ლურჯს”, ყვითელი სწორკუთხედი ტექსტით “მიჰყევი ლურჯს”; ლურჯი – “მიჰყევი ყვითელს”, შავი – “მიჰყევი თეთრს” და მათში ჩაკარგული ერთადერთი გამჭვირვალე, მორბენალის სხეულთან შეჯახებისას, ამ სხეულის ამრეკლავი სწორკუთხედი ერთადერთი ფრაზით – “მიჰყევი საკუთარ თავს” – ლაკონური მინიშნებაა დეზორიენტირებული ადამიანისთვის იდენტობაზე, საკუთარი თავის შენარჩუნებაზე.

სიგნალი – ავტორი კოკა რამიშვილი. ფოტო: თბილისის კინოფესტივალი

“სიგნალი” საუბრობს ძალაუფლებისა და გამოსახულების ურთიერთკავშირზე, კინოც სხვა არაფერია, თუ არა თანამედროვე ტექნიკით შექმნილი ვიზუალური ხელოვნება, რომელიც შენს ფსიქიკაზე მოქმედებს და ამ კითხვას სვამს – აუცილებელია თუ არა ხელოვანმა შეინარჩუნოს ეს პასუხისმგებლობა და მისცეს საშუალება მაყურებელს, დამთვალიერებელს, რომ შეინარჩუნოს საკუთარი თავი და თავისუფლება”,-ამბობს ელენე ფასური.

სიგნალი – ავტორი კოკა რამიშვილი. ფოტო: თბილისის კინოფესტივალი

ასევე წელს პირველად მოხდა საფესტივალო ისტორიაში, როცა გამოფენა მოეწყო უშუალოდ კინოდარბაზში. კინოთეატრ “ამირანის” დიდ დარბაზში გიო სუმბაძის ნეონის ნამუშევრის “ყავა” ნახვა იყო შესაძლებელი, რომელიც არტისტმა 2017 წელს შექმნა.

“გიო სუმბაძეს აქვს ნამუშევრების სერია, სადაც ძველი დამწერლობით თანამედროვე სიტყვებს ახალ დატვირთვას ანიჭებს, იმიტომ, რომ სიტყვას აქვს ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა, ყველა სიტყვას თავისი შეგრძნება აქვს, მან აირჩია სიტყვა ყავა, რომელიც მომხმარებლური ობიექტია. ასეთი რამ გვითხრა, ერთია ყავა ამერიკანო და მაკდონალდსის ყავა, მაგრამ ყავა მცენარეცააო. ალბათ, თანამედროვე კინოსაც ასე აღიქვამს მაყურებელი, კი მივდივართ კინოში და მომხმარებლურად ვიღებთ ხელოვნების პროდუქტს, მაგრამ არსებობს სხვანაირი პროდუქტიც, არსებობს ისევ და ისევ სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალება და ერთი და იმავე სიტყვის სხვადასხვაგვარი აღქმა”.

“ყავა”- ავტორი გიო სუმბაძე. ფოტო: თბილისის კინოფესტივალი

მესამე ექსპოზიცია, რომელიც ბრიტანული საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა, ამირანის პირველი დარბაზის შესასვლელთან მოეწყო. 2017 წელს ინგლისელი ესეისტი, ხელოვნების კრიტიკოსი, მწერალი და მხატვარი ჯონ ბერგერი გარდაიცვალა. მისი ესეების სერია “როგორ ვხედავთ” დღემდე გამოიყენება საუნივერსიტეტო ტექსტად, მოგვიანებით კი ის BBC-ს ერთ-ერთ ყველაზე შემეცნებით სატელევიზიო გადაცემად იქცა, რომელიც ხელოვნებას სოციალური და კლასობრივი პერსპექტივიდან აანალიზებს. სწორედ ოთხსერიანი ფილმი აჩვენეს ასევე კინოფსტივალის ფარგლებში, რომელიც 70-იან წლებში შეიქმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი