მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი, რომლის მიხედვითაც მოწმე უნდა დაიკითხოს სასამართლოში და არა გამომძიებლის მიერ პოლიციაში ან პროკურატურაში, 2013 წლის 1 სექტემბრიდან შედის ძალაში, თუმცა რამდენიმე კვირის წინ მთავრობამ ამ ნორმის ამოქმედების გადავადება ითხოვა იმ მოტივით, რომ საგამოძიებო ორგანოები არ არიან მზად იმოქმედონ ამ ახალი ნორმით. წარმოდგენილი კანონპროექტი ამ ნორმის ამოქმედების 2013 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას ითვალისწინებს.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის შალვა შავგულიძის თქმით, ის მომხრეა, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება 4 თვით გადავადდეს:
“რა ხიფათი არის ამ ნორმაში? ამ ძველი დაკითხვის წესში? აქ არის ხიფათი, რომ გამოძიების ეტაპზე, როცა უფრო დახურულ სივრცეში ხდება დაკითხვა და, ვთქვათ, ბოროტად იქნა გამოყენებული ბრალდების მხარის მიერ თავისი უფლება და აიძულეს მოწმე, რომ მიეცა ჩვენება, ამის შემდეგ მოწმეს აღარ აქვს ჩვენების შეცვლის საშუალება, რადგან ჩვენების შეცვლა ისჯება 371-ე პრიმა მუხლით და მას 4-5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ საშიშროებას ვხედავ და ის უნდა მოიხსნას. მე მომხრე ვარ, რომ 4 თვით გადავადდეს ამ პროცედურის ამოქმედება, რათა მოემზადონ საგამოძიებო სამსახურები.”
ახალგაზრდა იურისტთა წარმომადგენელმა, თათული თოდუამ, რომელიც დღევანდელ სხდომას ესწრება, კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს, შესვენების გამოცხადება შესთავაზა, რადგან სხდომას მხოლოდ სამი დეპუტატი ესწრება:
“ქვორუმისთვის საკმარისი რაოდენობა არ არის და გთავაზობთ, შესვენება გამოაცხადოთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვსაუბრობთ და კარგი იქნება, თუ სხვა დეპუტატებიც მოგვისმენენ.”
“თქვენ თუ უზრუნველყობთ იმას, რომ კომიტეტის წევრები მოვიდნენ – კი. მე არანაირი მექანიზმი არ მაქვს, რომ ეს უზრუნველვყო. ამისათვის არსებობს მხოლოდ სანქციები, მაგრამ ზოგიერთისათვის ეს სანქციები არის არაეფექტიანი,”- უპასუხა ხმალაძემ.
