მოქმედი კანონმდებლობით, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი, რომლის მიხედვითაც მოწმე უნდა დაიკითხოს სასამართლოში და არა გამომძიებლის მიერ პოლიციაში ან პროკურატურაში, 2013 წლის 1 სექტემბრიდან შედის ძალაში, თუმცა რამდენიმე კვირის წინ მთავრობამ ამ ნორმის ამოქმედების გადავადება ითხოვა იმ მოტივით, რომ საგამოძიებო ორგანოები არ არიან მზად იმოქმედონ ამ ახალი ნორმით.

 

“წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებდა 2014 წლის 1 დეკემბრამდე ვადის გადავადებას. მსჯელობის შემდეგ კომიტეტზე მივიღეთ გადაწყვეტილება და აღნიშნული ვადა განისაზღვრა 2013 წლის 31 დეკემბრამდე. გამომდინარე იქიდან, რომ საგამოძიებო ორგანოები ჯერ-ჯერობით არ არიან მზად საჯაროდ განახორციელონ მოწმის დაკითხვა, კანონმდებლობა არ არის სრულყოფილი მოწმის დაცვის თვალსაზრისით, არ არის სრულყოფილი, გამოსაკითხი პირის და მოწმის ჩვენებებს  შორის არსებითი სხვაობის შემთხვევაში, რა პასუხისმგებლობა ვის ეკისრება, აქედან გამომდინარე, პროცესის სრულყოფის მიზნით აღნიშნული ვადა საჭიროებს გადავადებას და ეს ვადა განისაზღვრა კომიტეტის სხდომაზე,” – აცხადებს მთავრობის საპარალემენტო მდივანი შალვა თადუმაძე. 

 

საიას საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა აცხადებს, რომ კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შემავალი 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს არ უჭერს. მისივე განმარტებით, დაცვისა და ბრალდების მხარის თანასწორობის პრინციპის დასაცავად კანონის ამოქმედების გადავადება დაუშვებელია:

 

“კანონპროექტით გათვალისწინებული არის მოწმეთა დაკითხვის ახალი წესების ამოქმედების დროში  გადავადება. მოქმედი რედაქციით, როგორც ვიცით, ეს წესები უნდა ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის უზრუნველსაყოფად. დღეს მოქმედი წესები ბრალდების მხარეს გაუმართლებლად დიდ უპირატესობას ანიჭებს და დაცვის მხარე შეზღუდული უფლებებით სარგებლობს. მაგალითად, ბრალდების მხარეს შეუძლია მოწმის დაკითხვა, მოწმეებისთვის გამოცხადება და ჩვენების მიცემა არის სავალდებულო და ამ პროცესზე დაცვის მხარეს დასწრებაც არ შუეძლია, განსხვავებით ახალი წესებისგან, რომლის  თანხმად მოწმის დაკითხვა ხდება მხოლოდ სასამართლო პროცესზე ორივე მხარის თანამონაწილებით. ბრალდების მხარეს არ ექნება შესაძლებლობა, რომ, მაგალითად, ამ დაკითხვით  სტრერესული მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეული ზეწოლაც კი მოახდინოს მოწმეზე. ჩვენ  გვსმენია არაერთი გახმაურებული საქმე, სადაც მსგავსი შემთხვევები იყო, იგივე ახალი ხელისუფლების დროსაც.  მაგალითად, ბოლოდ დროს მომხდარი მიქაუტაძის საქმე, სადაც ფიზიკური ზეწოლის ძალიან დიდი ეჭვი არსებობს და მეორე არის ივანიაძის საქმე, სადაც ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეა საუბარი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ ახალი წესების დაუყოვნლებლივ ამოქმედება მიგვაჩნია უმნიშვნელოვანეს ეტაპად ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში და არავითარ შემთხვევაში არ ვუჭერთ მხარს მთავრობის ინიციატივას კანონპროექტის ამოქმედების ვადის გადაწევასთან დაკავშირებით.“  

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ კომიტეტს განსაკუთრებულად მიაჩნია ის, რომ მხარეები თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ:

 

“ჩვენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, როდესაც მხარეებს ექნებათ თანაბარ შესაძლებლობები, უფლებები და შეჯიბრობითობა იქნება დაცული. ამ პრინციპს კომიტეტი მიესალმება, თუმცა აქვე მთავრობა აცხადებს, რომ მას აქვს სერიოზული პრობლემები და ასახელებს კონკრეტულ არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა უწყების ყველა იმ წარმომადგენლის და თანამშრომლის, რომლებიც , აი, ამ ახალი პროცედურით უნდა ჩაერთონ სისხლის სამართლის წარმოებაში და ასახელებს ამისთვის კონკრეტულ ვადას, ბუნებრივია, ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მინდა გითხრათ, რომ შეიცვალა მოთხოვნილი ვადა. კომიტეტი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ იმ ვადაში, რა ვადაც იქნება დარჩენილი ამ ახალი პროცედურის ამოქმედებამდე, ჩვენი კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს, რომ მისმა სასწავლო ცენტრმა ძალიან სწრაფად მოახდინოს მომზადება ყველა იმ მოხელის, ყველა იმ პირის, რომლებიც უნდა ჩაერთნონ ამ სამართალწარმოებაში.”

 

მისივე განმარტებით, ამ პროცედურის ამოქმედებამდე დარჩენილ დროში კომიტეტი რამდენიმე საგანგებო სხდომას გამართავს, რომ მონიტორინგი გაუწიოს იმას, თუ როგორ ემზადება მთავრობა და შესაბამისი უწყებები ამ ახალი პროცედურის ასათვისებლად.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *