საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებებს, რომლებიც ვენაში, ეუთოს მინისტერიალის დროს გააკეთა და მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში წევრობასა და კონფლიქტების დროულად გადაჭრას.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. აშშ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი და ამ ორი დღის განმალობაში მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ მოისმინა ამერიკის ძალიან მტკიცე პოზიცია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს არის შედეგი საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, კონსულტაციები იმართება ინტენსიურად ყველა მაღალ ფორმატებში, მათ შორის შესაბამისი მინისტრებს შორის. ეს წელი არის განსაკუთრებული საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში, რომლის ფარგლებში გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი,“ – განაცხადა ჯანელიძემ.
ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან. რის შემდეგაც რექს ტილერსნმა გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება. კერძოდ, ტილერსონმა თქვა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და მოუთმენლად ელის ამისთვის ყველა ნაბიჯის დასრულებას. ასევე, მან აღნიშნა, რომ უნდა იქნას პროგრესი მიღწეული კონფლიქტების დასასრულებლად საქართველოში, მოლდოვასა და მთიან ყარაბაღში.