ახალი ამბებიეკონომიკა

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ფულად დახმარებას მიიღებს

7 დეკემბერი, 2017 • 2938
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ფულად დახმარებას მიიღებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა საქართველოს სამწლიანი პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებას. ამ გადაწყვეტილებით  ფონდისგან საქართველო 42 მლნ აშშ დოლარზე მეტს  მიიღებს. სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, ფონდმა ქვეყანისთვის, ჯამში,  297 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხა გამოყო. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, თანხის ათვისება ეტაპობრივად მოხდება.

საქართველოს  ხელისუფლებამ და IMF-ის წარმომადგენლებმა ქვეყანაში მიმდინარე IMF-ის პროგრამის პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულების თაობაზე შეთანხმებას დაახლოებით ორი თვის წინ მიაღწიეს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით,  წინასწარი შეთანხმება ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ნოემბერში უნდა განეხილა.  დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი პროგრამის მეორე ტრანში 42.3 მილიონი აშშ დოლარი გახდებოდა. გუშინ ცნობილი გახდა ფონდის აღმასრულ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება. საბჭომ “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” პროგრამას მხარი დაუჭირა. 

ფონდის მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსაც მოიცავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით:

  • საქართველოს ეკონომიკა იზრდება, 2018 წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება, ქვეყნის საგარეო პოზიცია გაუმჯობესდა.
  • 2018 წლის ბიუჯეტი შემდგომ ფისკალურ კონსოლიდაციას ითვალისწინებს.
  • სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება მაღალი და ინკლუზიური ზრდის მიღწევის გზაა.

რაც შეეხება ფისკალურ პოლიტიკას, IMF მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას, დააფინანსოს  ინფრასტრუქტურული პროექტები. სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ  მომავალ წელს საქართველოში ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდება. ფონდი მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, არ გაზარდოს ხელფასი, სოციალური პროგრამები მიზნობრივი გახდეს და შემცირდეს სუბსიდიები.

მონეტარული პოლიტიკის შეფასებისას IMF-ში მიაჩნიათ, რომ სავალუტო ინტერვენციების არსებული პრაქტიკა უნდა გაგრძელდეს და ინტერვენციის გამოყენების მთავარი მიზანი სავალუტო ბაზარზე არსებული ჭარბი რყევების თავიდან აცილება უნდა იყოს. მონეტარული პოლიტიკის სხვა ასპექტების შეფასებისას, IMF ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესაფერისს უწოდებს, რაც ფონდის შეფასებით, ფასების სტაბილურობას ემსახურება.

IMF თვლის, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემა ეროვნული დანაზოგების ხელმისაწვდომობას გაზრდის, რაც ქვეყანაში ინვესტიციებს  წაახალისებს. საფინანსო სექტორს ფონდი მომგებიანად და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილად აფასებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მხარდაჭერას ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა. ბახტაძის განცხადებით, მთავრობის  მიერ 2018 წელს დაგეგმილ ეკონომიკურ პოლიტიკას საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მხარდაჭერა აქვს.

„ეს არის პირდაპირი გზავნილი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული ეკონომიკის განვითარების 4-პუნქტიანი გეგმა არის სრულიად თანხვედრაში იმ პარამეტრებთან, რომელსაც საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდი უყენებს. თვითონ დოკუმენტში აღნიშნულია ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომელსაც ეფუძნება ეს პროგრამა. შესაბამისად, ის პარამეტრები, რომლებიც ჩვენ 2018 წლის ბიუჯეტში ჩავდეთ – ეს არის ინკლუზიური ზრდა,”-აცხადებს მამუკა ბახტაძე.

2017 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4%-დან 4.3%-მდე გაზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი