ახალი ამბები

“ციანიდის საქმეზე” მომდევნო პროცესი 20 დეკემბერს გაიმართება

6 დეკემბერი, 2017 • 1532
“ციანიდის საქმეზე” მომდევნო პროცესი 20 დეკემბერს გაიმართება

ციანიდის საქმეზე მომდევნო სხდომა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 20 დეკემბერს გაიმართება.

სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში ჩატარდება და მხარეების გარდა სხდომაზე დასწრებას მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეძლებს.

სასამართლოს დახურვის შესახებ შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. დაცვის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, სასამართლომ ბრალდების არგუმენტაცია გაიზიარა.

“სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე პირების პირადი ცხოვრებისა და მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით სასამართლო პროცესები უნდა იქნას სრულად დახურული,”- განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ პროცესის დასრულების შემდეგ.

სხდომის დახურვის შესახებ არგუმენტაციას აბსურდს უწოდებს დაცვის მხარე.

“სასამართლოს დახურვის მოტივაცია ყოფილა, რომ თურმე საზოგადოებას არ უნდა მიეწოდოს ის ინფორმაცია, რომელიც ვითომდა ნეგატიურად აისახება საზოგადოებაზე. ძალიან ვწუხვარ, რომ სასამართლომ გაითვალისწინა ძალიან აბსურდული საფუძველი იმიტომ, რომ საზოგადოებაზეა დაყრდნობილი სახელმწიფო, მართლმსაჯულება და ვალდებულია სახელმწიფო, საზოგადოებამ დეტალურად იცოდეს, თუ როგორ უსამართლობასთან გვაქვს საქმე. არ მინდა ვიფიქრო, რომ მორიგი დავალების შესრულება ხდება იმიტომ, რომ ის საფუძველი, რომელზეც ითხოვს პროკურატურა, რომ სასამართლო იყოს დახურული, ბუნებაში არ არის და არ გამოიხატება სისხლის სამართლის საპროტესტო კანონმდებლობიდან,” – განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

დაცვის მხარემ დახურულ სხდომაზე ასევე დააყენა “კორტების სპეცოპერაციის” საქმეზე მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას დაკითხვის შუამდგომლობა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, საქმეს დართვოდა იურისტ ნონა თოდუას “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება.

მომდევნო სხდომაზე დაცვის მხარე გეგმავს საქმისთვის სახალხო დამცველის დასკვნის მტკიცებულებად დართვის შუამდგომლობის დაყენებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი