ახალი ამბები

მთავრობა გარემოს დაცვის სამინისტროს შერწყმას კვლავ ითხოვს, საკანონმდებლო გარანტიების სანაცვლოდ

6 დეკემბერი, 2017 • 1225
მთავრობა გარემოს დაცვის სამინისტროს შერწყმას კვლავ ითხოვს, საკანონმდებლო გარანტიების სანაცვლოდ

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების შერწყმა გარემოს დაცვის კომპონენტს არ დაასუსტებს და ამის საილუსტრაციოდ პარლამენტს გარკვეულ საკანონმდებლო გარანტიებს სთავაზობს. ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები განიხილება, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ ისაუბრა.

“კანონმდებლობაში გარკვეული გარანტიები იდება, რომელიც დაკავშირებულია გარემოს დაცვის კომპონენტთან. მთავრობას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა გარემოს დაცვის და არცერთ შემთხვევაში არ აპირებს მის გადახედვას ან შესუსტებას”, – ამბობს თადუმაძე.

მისივე თქმით, გარემოს დაცვის შესახებ კანონში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვის ბიუჯეტი არ შეიძლება წინა წლის ბიუჯეტზე ნაკლები იყოს.

“ასევე, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პროექტების განხორციელებისთვის პროგრამული ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს გარემოს დაცვის ბიუჯეტის 5%-ზე ნაკლები. შესაბამისად, მთავრობა აფიქსირებს როგორც პოლიტიკურ ნებას, ასევე მზაობას, რომ ფინანსურად სრულად უზრუნველყოფს გარემოს დაცვის პოლიტიკის განხორციელებას”, – განაცხადა თადუმაძემ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, მმართველ გუნდში კვლავაც არსებობს გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები.

“მე პირადად [შერწყმას] მხარს არ დავუჭერ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის გარემოს დაცვის სისტემის დასუსტება, და წიაღისეულთან დაკავშირებული ფუნქციების ეკონომიკის სამინისტროში გადატანა ინტერესთა კონფლიქტს ქმნის”, – ამბობს დეპუტატი გია გაჩეჩილაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი