ახალი ამბები

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა

6 დეკემბერი, 2017 • 2207
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა

“უნდობლობას ვუცხადებ ქართულ მართლმსაჯულებას და პროტესტის ნიშნად ვტოვებ სასამართლო დარბაზს,” – განაცხადა “ციანიდის საქმეზე” მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ სააპელაციო სასამართლოში პროცესის დაწყებისას.

ამ სხდომაზე პროკურატურამ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა და განაცხადა, რომ საქმეში არის მტკიცებულებები, რომლებზე საუბარიც საჯარო სხდომაზე არ არის მიზანშეწონილი.

პროკურატურის ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით გიორგი მამალაძემ დაიწყო წერილის კითხვა, სადაც რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა გულშემატკივარს, ოჯახს, ადვოკატებს, ჟურნალისტებს, ვინც მის საქმეს, მისივე თქმით, მიუკერძოებლად აშუქებდა. ასევე, სახალხო დამცველს გადაუხადა მადლობა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების გამო.

ამ წერილის კითხვისას მამალაძემ გულისტკივილი გამოხატა ხელისუფლების და საპატრიარქოს ზოგიერთი წევრის მოსაზრებების გამო.

მას არ უარყვია, რომ ციანიდით იყო დაინტერესებული, რადგან ეს შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, მოწმე ირაკლი მამალაძემ კი ეს ფაქტი უარყო.

ისაუბრა იმაზეც, რომ პროკურატურა მის წინააღმდეგ საზოგადოების უარყოფითი აზრის შექმნის მიზნით განცხადებებს აკეთებდა, დაშინების მცდელობები იყო მის ადვოკატებზე, ოჯახის წევრებზე და სხვა ადამიანებზე.

ასვეე ისაუბრა საპყრობილეში რელიგიურ დისკრიმინაციაზე:

“ჩემს რელიგიურ დისკრიმინაციას ახდენს პენიტენციური დაწესებულება” – განაცხადა მან.

მისივე განმარტებით, მას არ ეძლეოდა უფლება, შემოსილიყო შესაბამისი შესამოსლით და პენიტენციური დაწესებულების ეკლესიაში აღესრულებინა მსახურება.

საკუთარი სიტყვის დასასრულს მან აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება მის წინააღმდეგ, შემდეგ კი მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა და სხდომა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი