ახალი ამბები

სამადაშვილის შემდეგ უგულავა – თბილისის საკრებულოში “ნაციონალების” მმართველობა სრულდება

19 ივლისი, 2013 • • 1210
სამადაშვილის შემდეგ უგულავა – თბილისის საკრებულოში “ნაციონალების” მმართველობა სრულდება

ქალაქ თბილისის საკრებულოში შექმნილმა ინტერპარტიულმა უმრავლესობამ, რომელიც 25 დეპუტატს აერთიანებს, თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი და თვითმმართველ ორგანოში მუდმივმოქმედი 13 კომისიის (სარევიზიო კომისია, იურიდიულ საკითხთა კომისია, ქონების მართვისა და საფინანსო–საბიუჯეტო კომისია, საქალაქო მეურნეობის კომისია, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია, ურბანული დაგეგმარების და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისია, ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისია,  სპორტის დვა ახალგაზრდულ საქმეთა კომისია, ადამიანის უფლებათა დაცვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისია, გარემოს დაცვის კომისია, განათლებისა და კულტურის კომისია, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია, საერთაშორისო ურთიერთობების კომისია) თავმჯდომარეები თანამდებობიდან გადაირჩია.

დღეს, 19 ივლისს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა წევრმა 22–მა დეპუტატმა, ამიტომ სხდომას თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილის ნაცვლად მისი მოადგილე, ჯაბა სამუშია წარუძღვა, რომელიც საკრებულოში “ქრისტიან–დემოკრატების” სიით შევიდა, თუმცა შემდგომ ქდმ დატოვა და “ქართული ოცნების” ფრაქციას შეუერთდა.

დღევანდელი რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების გადარჩევასათან ერთად, ახალი თავმჯდომარეების არჩევაც იყო გათვალისწინებული, თუმცა, ახალი ინტერპარტიული უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კომისიის ახალი თავმჯდომარეების არჩევის პროცედურა 26 ივლისის სხდომამდე გადაიდოს, მანამდე კი გაიმართოს კონსულტაციები ფრაქციებს შორის, მათ შორის “ნაცმოძრაობასთანაც”, იმის შესახებ, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს მუდმივმოქმედ კომისიებს. ჯაბა სამუშიას განცხადებით, დღეს თანამდებობიდან გადაყენებული 13 კომისიის თავმჯდომარიდან 2 ისეთი დეპუტატია (დავით ჯინჭარაძე – იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, კახა გურული – ადამიანის უფლებათა დაცვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე), რომელიც ნაცმოძრაობის ფრაქციაში არ წევრიანდება და საპირისპირო ინტერპარტიული უმრავლესობის წევრია, რაც ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არ ყოფილა მიღებული.

 

ჯაბა სამუშია
ჯაბა სამუშია

“ამიერიდან თბილისს ჰყავს მრავალპარტიული უმრავლესობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ არის ერთპიროვნულად რომელიმე ჯგუფის უმრავლესობა. მე, როგორც კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ვამბობ, რომ “ქართული ოცნება” უმრავლესობაში მხოლოდ რამდენიმე ფრაქციითაა წარმოდგენილი. ჩვენთან ერთად არიან სხვა პოლიტიკური ჯგუფები, დამოუკიდებელი დეპუტატები, ასე რომ, თბილისელებისთვის ეს არის მართლაც დიდი გამარჯვება, რომ ჩვენ გვყავს რეალური მრავალპარტიული თვითთმართველობა. ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავიწყოთ კონსულატაციები თეთრი ფურცლიდან. ჩვენ შეგვიძლია 26–ამდე დავსხდეთ და ერთად გავიაროთ, თუ ვინ შეიძლება მომავალში გახდეს საკრებულოს კომისიის ხელმძღვანელები და, მეორე მხრივ, მოხდეს თვითონ კომისიების რეორგანიზაცია. ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ვინმე ჩვენი მხრიდან თანამდებობებს ინაწილებდა, არის სიყალბე და სიცრუე. თქვენ თვითონ დარწმუნდით, რომ დღეს მოხდა მხოლოდ გადარჩევა კომისიის თავმჯდომარეების და მათ შორის იმ ადამიანების, ვინც დღეს სხდომას ესწრებოდნენ და ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები არიან. დანარჩენს გვაჩვენებს კონსულტაციები და შეხვედრები, რომლებიც გაიმართება 26–მდე”, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ დღეს გამართული რიგგარეშე სხდომა არალეგიტიმურია, რადგან მისი მოწვევა პროცედურული დარღვევების საფუძველზე მოხდა, ამიტომ უმცირესობა აპირებს, რომ სხდომის შედეგები სასამართლოში გაასაჩივროს. ამ მოსაზრებას არ იზიარებს ჯაბა სამუშია, რომელიც ნაცმოძრაობის წევრ დეპუტატებს ორგანული კანონის და საკრებულოს რეგლამენტის კარგად წაკითხვას ურჩევს:

“ადგილობრივი თვითთმმართველობის შესახებ კანონის 24–ე მუხლის და ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის 52–ე მუხლის საფუძველზე ჩვენ უფლებამოსილი ვიყავით ჩაგვეტარებინა რიგგარეშე სხდომა”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ თუ რიგგარეშე სხდომის მოწვევა სააკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3–ს სურს, საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია ერთი კვირის ვადაში ასეთი სხდომა მოიწვიოს, ხოლო თუ ამას არ გააკეთებს, საკრებულო უფლებამოსილია თვითონ შეიკრიბოს.

დღევანდელ რიგგარეშე სხდომას, რომელსაც 47–დან  მხოლოდ 25 დეპუტატი ესწრებოდა, რამდენიმე არასამთავარობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდებოდა, მათ შორის ახალი თაობა – დემოკრატიული არჩევნების წევრი ლევან გაბრიჩიძე. იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ იურიდიულად საკრებულს უმრავლესობას კომისიების თავმჯდომარეებისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადარჩევით კანონი არ დაურღვევია, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად პასუხობს ის ყველაფერი, რაც დღეს მოხდა, დემოკრატიის პრინციპებს:

“ერთია კანონი და მეორეა ლეგიტიმაციის საფუძველი. საქმე იმაშია, რომ დიდი ნაწილი საკრებულოს წევრების, ვინც დღეს აქ არიან, საკრებულოში აბსოლუტურად სხვა პარტიების პროპორციული სიებით შემოვიდნენ. საუბარია სიებზე და არა მაჟორიტარებზე. ამ შემთხვევაში გაუგებარია, ვინ დგას ასეთი ადამიანების უკან, რომელი ამომრჩეველი დგას? დემოკრატიული პრინციპი მოითხოვს, რომ როდესაც შენ პარტიას ტოვებ და ამ პარტიის პროპორციული სიით ხარ შესული არჩევით ორგანოში, საკრებულოც უნდა დატოვო, იმიტომ, რომ ვინ დგას იმ დეპუტატების უკან, ვინც, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის სიით არის გასული, ან ქდმ–ს სიით არის გასული და შემდეგ საპირისპირო მხარეს გადავიდა, მათ უკან ხომ ამომრჩევლები აღარ დგანან, რადგან ამომრჩეველმა ხმა პარტიას მისცა. სხვა საკითხია -კარგია, ცუდია, დღეს რა მხარდაჭერა აქვს, მაგრამ არჩევნები სწორედ იმიტომ ტარდება 3–4 წელიწადში ერთხელ, რომ ამომრჩეველმა მაშინ დააფიქსიროს აზრი და არა დეპუტატებმა კონიუნქტურის მიხედვით ცვალონ შიგნით ფრაქციები და ასე შემდეგ. სწორედ ეს დგას ლეგიტიმაციის კუთხით ეჭვქვეშ, თორემ, რა თქმა უნდა, იურიდიულად ვერ მოედავები. აქ საუბარია დემოკრატიის პრინციპების დაცვაზე და სწორედ ეს დგას კითხვის ნიშნის ქვეშ”, – განაცხადა მან.

სწორედ ფრაქცია შეცვლილი დეპუტატების წინააღმდეგ გამართეს დღეს აქცია არასამთავარობო ორგანიზაციებმა “დროამ” და “თავისუფალმა ზონამ”. ისინი განსაკუთრებით აპროტესტებდნენ ყოფილი “ნაციონალების” ნიკო ხაჩირიშვილისა და ირაკლი შიხიაშვილის გადაწყვეტილებებს ახალ ინტერპარტიულ უმრავლესობაში გადასვლასთან დაკავშირებით. მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთ–ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად მოიაზრება, ახალგაზრდული მოძრაობების განცხადებით კი, “დედაქალაქის საკრებულოს მისნაირმა უპრინციპო პოლიტიკოსმა არ უნდა უხელმძღვანელოს”.

 

აქცია ირაკლი შიხიაშვილის წინააღმდეგ
აქცია ირაკლი შიხიაშვილის წინააღმდეგ

აქცია შიხიაშვილის წინააღმდეგ
აქცია შიხიაშვილის წინააღმდეგ

თვითონ შიხიაშვილი ადასტურებს, რომ თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა ნამდვილად განიხილება, თუმცა მას “დროას” და “თავისუფალი ზონის” ბრალდებებისათვის არ უპაუხია. სამაგიეროდ კომენტარი გააკეთა ინტერპარტიული უმრავლესობის ერთ–ერთმა წევრმა კახა კუკავამ, რომელმაც ზემოხსენებული აქციის ორგანიზატორებად ნაციონალური მოძრაობა და დეპუტატი კობა ხაბაზი დაასახელა.

 

ირაკლი შიხიაშვილი
ირაკლი შიხიაშვილი

თბილისის საკრებულოს წევრები მუდმივმოქმედი კომისიების ახალ თავმჯდომარეებს 26 ივლისის სხდომაზე აირჩევენ. გარდა ამისა, ინტერპარტიული უმრავლესობა გეგმავს 26 ივლისს გადაირჩიოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი, ხოლო ახალი თავმჯდომარე მანამდე დანიშნოს. თავმჯდომარეობის ყველაზე რეალურ კანდიდატურად ირაკლი შიხიაშვილი მოიაზრება, თუმცა უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს და ჯერჯერობით ჩამოყალიბებული პოზიცია იმის შესახებ, თუ ვინ შეცვლის სამადაშვილს, არ არსებობს.

საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები, კახა კუკავა და ზაზა გაბუნია საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაზე შორსაც მიდიან და აცხადებენ, რომ თბილსის თვითთმართველ ორგანოში შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე შესაძლოა სექტემბერში დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას თანადმებობიდან გადაყენების საკითხიც დადგეს თავის მოადგილეებთან და საქალაქო სამსახურების უფროსებთან ერთად. კუკავა უგულავას გადადგომისაკენ დღესვე მოუწოდებს, გაბუნიას ინფორმაციით კი, სექტმბერში საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს შეცვალოს კანონი თვითმმართველობის შესახებ და საკრებულოებს თვითმმართველ აღმსრულებელ ორგანოებზე კონტროლის მექანიზმები დაუბრუნოს:

 

ზაზა გაბუნია
ზაზა გაბუნია

“მე, როგორც საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მინდა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს და ზოგადად თბილისლებს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის დაწყება, რასაც ძალაუფლებიდან ნაციონლაური მოძრაობის ჩამოშორება ჰქვია. დედაქალაქში საკრებულო  მათ უკანასკნელი პოლიტიკური ბასტიონი იყო და ამ თვალასაზრისით დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა შედგა. რაც შეეხება გიგი უგულავას გადაყენების საკითხს, სექტემბერში განიხილება თემა საკანონმდებლო ინიციატივების სახით თბილსის შესახებ კანონში და სხვა იმ კანონებში, რომელიც არეგულირებს თბილსის საკრებულოს და სხვა თვითმმართველი ერთეულების საქმეს, რომ გადაიხედოს და შეიცვალოს ბევრი რამ. ამის საბოლოო ფინიშის ხაზი იქნება ის, რომ თბილისის საკრებულოს დაუბრუნდეს ის წართმეული უფლებები, რომელიც მას ჰქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელი. ამის შემდეგ მოხდა ამ ორგანოსათვის უფლებების ჩამორთმევა და საკრებულო, პრაქტიკულად, ნოტარიულ კანტორად იქცა. გიდასტურებთ, რომ ჩვენ დაგვიბრუნდება ეს უფლებები. რაც შეეხება გადაყენებას, ეს მოვიტოვოთ სექტემბრისთვის, ჩვენ გვექნება გაცილებით სერიოზული უფლებები მერზე, ვიცე–მერებზე და საქალაქო სამსახურების უფლებებზე, მათ შორის შეიძლება საკრებულოს მიეცეს გადაყენების უფლებაც. ეს არის საკონსულტაციო საკითხი, მაგრამ ეს არის საშემოდგომო განხილვის საკითხი პარლამენტში”, – ამბობს საკრებულოს წევრი “ქართული ოცნების” ფრაქციიდან ზაზა გაბუნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი