ნეტგაზეთი | “დექსუსი”: რჩეულიშვილები “ცენტრ პოინტიდან” აქტივების გატანას აგრძელებენ “დექსუსი”: რჩეულიშვილები “ცენტრ პოინტიდან” აქტივების გატანას აგრძელებენ – Netgazeti
RU | GE  

“დექსუსი”: რჩეულიშვილები “ცენტრ პოინტიდან” აქტივების გატანას აგრძელებენ

“რჩეულიშვილები პირადი მოხმარებისთვის “ცენტრ პოინტიდან” აქტივების არამიზნობრივ გატანას აგრძელებენ”, – ამის შესახებ კომპანია “დექსუსის” მმართველმა პარტნიორმა ირაკლი კილაურიძემ განაცხადა.

საუბარია კომპანიიდან რვა აქტივის გატანაზე, რაც ირაკლი კილაურიძის თქმით ბოლო სამი თვის მანძილზე მოხდა, მას შემდეგ, რაც “ცენტრ პოინტ ჯგუფმა” “დექსუსს” ხელშეკრულება შეუწყვიტა:

 

“ეს მოხდა 2013 წლის 30 აპრილს, ხელშეკრულების გაწყვეტიდან 2 თვეში. რვა აქტივი უნდა გაყიდულიყო და ამ ფულით დასრულებულიყო მშენებლობები, ამის მაგივრად მაია რჩეულიშვილმა ეს აქტივები თავის ქმარს, ვახტანგ რჩეულიშვილს გადაუფორმა და ეს ფართი, ჩვენი ინფორმაციით, შემდეგ იპოთეკით დაიტვირთა. ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ პროკურატურას, თუმაცა გაუგებარია, რატომ არ იცოდნენ მათ ამის შესახებ ამ ხნის განმავლობაში”, – განაცხადა კილაურიძემ.

 

მისივე განცხადებით, მაია რჩეულისვილის სტრატეგიაა, რომ დაუსაბუთებელი ბრალდებებით გადაიყვანოს სამოქალაქო საქმე პოლიტიკურ ჭრილში და რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ფიგურა დაადანაშაულოს. თუმცა ირაკლი კილაურიძე ასევე აცხადებს, რომ “ცენტრ პოინტ ჯგუფის” მიერ მოქალაქეებისთვის შექმნილი პრობლემების მოგვარებაში მთავარი დაინტერესებული პირი გიგი უგულავა იყო:

ირაკლი კილაურიძე
ირაკლი კილაურიძე

“ჩვენ ვადასტურებთ იმას, რომ თავიდან ცენტრ პოინტის რეაბილიტაცია ინიცირებული იყო ცენტრ პოინტის დამფუძნებლების მიერ, რომლებმაც მიმართეს ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში გიგი უგულავა, როგორც ქალაქის მერი, მთავარი დაინტერესებული პირი იყო, რომ ასეთი ტიპის პრობლემები არ ყოფილიყო ქალაქში, შემდეგ მოგვმართეს ჩვენ და მოხდა კომპანიის შესწავლა, ჩვენი სტრატეგიის ჩამოყალიბება და მართვაში გადმოცემა. რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ის ამ პროცესებში არ მონაწილეობდა”, – განაცხადა ირაკლი კილაურიძემ.

 

ვახტანგ რჩეულიშვილმა 11 ივლისს განაცხადა, რომ კომპანია “დექსუსს” გიგი უგულავა მართავდა. რჩეულიშვილის თქმით, უგულავას მონაწილეობა “დექსუსის” მართვაში დოკუმენტურად არ დასტურდება, თუმცა კომპანიაში მისი ჩარევის გარეშე არაფერი წყდებოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge