ვაკე-საბურთალოს გზაზე, თამარაშვილის გამზირისა და უნივერსიტეტის ქუჩის კუთხეში, „ზაკვოს“ ყოფილი შენობის ადგილას ინვესტორს რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი/მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა სურს.
„ზაკვოს“, ანუ ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბის, შენობა წლების განმავლობაში ეკუთვნოდა „თიბისი ბანკს“, თუმცა საბოლოოდ, 2021 წლის მაისში, ბანკმა შენობა მიჰყიდა ახალ ინვესტორს – IG Development Georgia-ს.
ინვესტორმა 2021 წელს მოიპოვა მერიის ნებართვა შენობის დემონტაჟზე.
ინვესტორი ახლა იქ მრავალფუნქციური შენობის აშენებას გეგმავს.
საქართველოს ბანკი, – რომელიც პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია, – იუწყება, რომ ახალი პროექტის სახელი იქნება CityZen ცენტრალ პარკი.
ჯამურ საინვესტიციო ოდენობად საქართველოს ბანკი 180 მლნ აშშ დოლარს ასახელებს.
ბანკის თანახმადვე, CITYZEN Central Park ოთხი საცხოვრებელი ბლოკისგან და ერთი ბიზნესკოშკისგან („თაუერისაგან“) შემდგარი პროექტია. „საცხოვრებელი ბლოკების სართულიანობა ერთმანეთისგან განსხვავებულია და მისი მაქსიმალური სართული 25 იქნება“, – იუწყება ბანკი.
ბანკის გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ ალექსანდრე ტოგონიძის თანახმად, პროექტს ექნება:
- „დიდი რეკრეაციული სივრცე,
- ავტომობილებისაგან თავისუფალი შიდა ეზო,
- ხელოვნური ტბა,
- ZEN სივრცე,
- იაპონური ბაღი,
- საბავშვო მოედანი,
- 1500 ავტომობილზე გათვლილი დახურული ავტოსადგომი და
- მომიჯნავედ მდებარე კომერციული ზონები“.
ამ ეტაპზე მერიის არქიტექტურის სამსახურში ინვესტორის ორი განცხადებაა შესული: დროებითი ღობის მოწყობასა და მრავალბინიანი საცხოვრებლის პროექტის შეთანხმებაზე. განცხადებები 9 ნოემბერს შევიდა მერიაში და ჯერჯერობით განხილვის პროცესშია.
მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობია 43019 კვადრატული მეტრი. მისამართია უნივერსიტეტის ქუჩა #2 – თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩის კუთხეში, ყვავილების ბაზრობის მოპირდაპირედ.
არქიტექტურის სამსახურში დამკვეთად დარეგისტრირებულია ალექსანდრე ტოგონიძე. ტოგონიძე არის კომპანია „სითი დეველოპმენტის“ დირექტორი. ამჟამად მიწის ნაკვეთის მფლობელად სწორედ ეს კომპანია ფიქსირდება.
„სითი დეველოპმენტს“ ფლობს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, რომელიც, თავის მხრივ, ამერიკაში 2009 წელს დაფუძნებული IG International-ის შვილობილი კომპანიაა.
ეს კომპანია ფლობს სავაჭრო ცენტრებს საბურთალოსა და გლდანში – „სითი მოლს“.
IG Development-ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის მინდია საბანაძე.
საქართველოში დარეგისტირრებული „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არის ლევან მესხელი.