საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის მამუკა კაციტაძის განაცხადებით, რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი დადგება. ეს საკითხი უმრავლესობის და უმცირესობის წევრების გუშინდელი შეხვედრების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ გადაწყდა.
“საკრებულოს სხდომაზე დადგება საკითხი კომისიების თავმჯდომარეების გათავისუფლების ნაწილში და არა ახლის არჩევის ნაწილში, ეს ჩვენგან არის გზავნილი იმისთვის, რომ სხდომაზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” უკეთ მოახდინოს პოზიციონირება”.
საკრებულოს უმცირესობასა და უმრავლესობას შორის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გუშინ ორჯერ გაიმართა. კონსულტაციები საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გაგრძელდება.
ფრაქცია “თბილისელების” თავმჯდომარის გიორგი მუსხელიშვილის ინფორმაციით, მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ რიგგარეშე სხდომაზე აღარ მოხდება კომისიის თავმჯდომარეების ახლად არჩევა, მოხდება მათი გადაყენება.
თბილისის საკრებულოს თავმჯდმარეს ზაალ სამადაშვილს საკრებულოს 25 წევრის ხელმოწერით წერილი გაეგზავნა. საკრებულოს წევრები კომისიის თავმჯდომარეების გადაყენებას ითხოვენ და საკრებულოს ახალ კანდიდატურებს სთავაზობენ.
თბილისის საკრებულოში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” უმრავლესობა დაკარგა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხიც.
ამ დროისთვის “ნაციონალურ მოძრაობას” თბილისის საკრებულოში 22 დეპუტატი ჰყავს, ხოლო საპირისპირო მხარეს შექმნილ რამდენიმე ფრაქციაში 25 დეპუტატი ერთიანდება.
უკვე სახელდებიან საკრებულოს ახალი თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატებიც. ერთ-ერთი მათგანია ფრაქცია “თავისუფლების” თავმჯდომარე, ყოფილი “ნაციონალი” ირაკლი შიხიაშვილი.
