ახალი ამბები

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს მთავრობის კრიტიკას ხიდაშელი “მისკომუნიკაციით” ხსნის

18 ივლისი, 2013 • 1027
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს მთავრობის კრიტიკას ხიდაშელი “მისკომუნიკაციით” ხსნის

დელეგაცია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით, ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს შეხვდა. კერძოდ, შეხვედრები გაიმართა სენატორ რონ ჯონსონთან, საგარეო ურთიერთობებისა და ევროპული კომიტეტიდან; სენატორ დიან ფეინსტენთან; სენატორ როჯერ ვიკერთან, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომიტეტიდან; სენატორ ჯონ მაკკეინთან; სენატორ მარკო რუბიოსთან; კონგრესმენებთან ქეი გრენგერთან,  ნიტა ლოუისთან და მაიკლ ტერნერთან.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, სენატსა და კონგრესში შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს 2014 წლის სამიტია. მისივე თქმით, სწორედ ეს იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა კონგრესმენ ტედ ტერნერთან, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასაბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელია.

 

ხიდაშელის თქმით, კონგრესმენ ტედ ტერნერთან შეხვედრის დროს საუბარი შეეხო იმ ცვლილებების პროექტს, რომელიც სწორედ მისი ინიციატივით შევიდა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში. კერძოდ, 2013 წლის 14 ივნისს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომლის 1244-ე მუხლი თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას ეხება. აღნიშნულ დოკუმენტში ჩაიწერა კრიტიკული შეფასება საქართველოში ყოფილი თანამდებობის პირების დაკავების საკითხზე.

 

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ პრობლემა იყო მისკომუნიკაცია, რომელიც გარკვეულ მომენტში ორივე მხარეს შეგვექმნა. ჩვენ ამ მიმართულებით პრობლემას აღარ ველოდებით. საქართველოს ექნება სრული მხარდაჭერა მისი სტრატეგიული პარტნიორისგან. მთავარი გზავნილი, რითიც ჩვენ ამ შეხვედრებიდან გამოვდივართ, არის ის, რომ საქართველოს სულ უფრო მეტი მეგობარი ჰყავს აშშ-ის სენატსა და კონგრესში,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და პარლამენტარები თინა ხიდაშელი, თედო ჯაფარიძე, ირაკლი ჩიქოვანი და დავით ონოფრიშვილი. დელეგაცია შეხვედრებს მართავს მართავს ამერიკის სენატსა და კონგრესში, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის და იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. საქართველოს დელეგაციიის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში 16 ივლისს დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი