ახალი ამბები

სოლიდარობა მოკლული ბავშვების ოჯახებს – დღეს 51-ე სკოლასთან აქცია გაიმართება

3 დეკემბერი, 2017 • 3337
სოლიდარობა მოკლული ბავშვების ოჯახებს – დღეს 51-ე სკოლასთან აქცია გაიმართება

დღეს, 3 დეკემბერს, 18:00 საათზე, 51-ე სკოლის წინ არასრულწლოვნებს შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მოკლული ბავშვების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართება.

[checklist]

  • ვიკრიბებით იმისათვის, რომ ჩვენი ტკივილი, მსხვერპლების ოჯახებისადმი სოლიდარობა და გამოძიების პროცესისადმი ჯანსაღი სამოქალაქო ინტერესი გამოვხატოთ.
  • გთხოვთ, მოიტანოთ სანთლები და ყვავილები და ვაჩვენოთ სახელმწიფოს და, რაც მთავარია, ბავშვებს, რომ ცივილიზებული პასუხი გვინდა იმაზე, რაც მოხდა, რათა მომავალში სხვა ბავშვები მაინც დავიცვათ!

[/checklist]

სოლიდარობის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამარ გურჩიანია. უფლებადამცველის აზრით, ეს ტკივილი, ბრაზი, სასოწარკვეთა, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე ინტენსიური მსჯელობაც კი გლოვაა – რეაქცია იმაზე, რაც მოხდა.

ბავშვების მკვლელობასთან დაკავშირებით მდუმარე აქცია დაანონსდა 4 დეკემბერსაც. ორშაბათს, 20:00 საათზე, ახალგაზრდები 51-ე საჯარო სკოლასთან შეიკრიბებიან. როგორც სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეები წერენ, რაც მათ მეგობრებს შეემთხვა და რაც ქვეყანაში ხდება, არის უდიდესი ტკივილის და შიშის შეგრძნება:

“ჩვენ, ახალგაზრდებს გვაწუხებს ეს ყველაფერი და ვფიქრობთ, რომ ჩვენც უნდა გვისმენდეს საზოგადოება. არ გვინდა გვეშინოდეს სკოლაში წასვლის, ქუჩაში გავლის! ჩვენ გვინდა სიცოცხლე და გვინდა განვითარება.”

[red_box]3 მოკლული ბავშვი 2 დღეში[/red_box]

1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა.

2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად კიდევ ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა. 1999 წელს დაბადებული განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი თბილისში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი