“წესდება მთელი რიგი საწინააღმდეგო სიახლეები, რაც ხელს შეუწყობს თანასწორი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რომ ადმინისტრაციული რესურსი იმ მავნე ტრადიციიდან გამომდინარე, რაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში, როცა ყველა ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს თავისი კანდიდატის მხარდასაჭერად იყენებს, ამჯერად არ იყოს გამოყენებული და საზოგადოება მართლაც დარწმუნდეს იმაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება პირველი გამონაკლისი შემთხვევა თავისუფალი არჩევნების”, – განაცხადა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით, ძალაში შედის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები, რომ მათი მხრიდან რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს სამართლებრივი რეაგირება.

“დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები დისციპლინარული პასუხისმგებლობიდან გაყვანილი არიან და აქედან გამომდინარე, როცა თანამდებობის პირს არ აქვს იმის შიში, რომ დარღვევისთვის ის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ქვეშ მოექცევა, არსებობს იმის დიდი ალბათობის რისკი, რომ მან შეიძლება რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ კანონი დაარღვიოს”, – აღნიშნა დეპუტატმა ქუცნაშვილმა.
გარდა ამისა, უკვე ინიცირებული ცვლილებების მიხედვით კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრძალება აგიტაციის წარმოება 20 მეტრის რადიუსში.
“ამ თემაზე მთელი ამბავი იყო ატეხილი. მინდა მოგახსენოთ, რომ ამ ცვლილებების მიღება ემსახურება იმ მიზანს, რომ საარჩევნო უბნის კიბეებთან აღარ ვიხილოთ ამომრჩეველთა სიებით ხელში შეიარაღებული აგიტატორები და მეორე მხრივ, ამომრჩეველს აღარ მოუწიოს გავლა ე.წ. სააგიტაციო კორიდორში, სანამ კენჭისყრის უბანში შევა. შესაბამისად, ის, რომ 20 მეტრის რადიუსში აღარ იქნება აგიტაცია ნებადართული, ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს მიეცემათ ნებისმიერი მიმართულებიდან საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება, ხოლო ქალბატონები იქნებიან თუ ვაჟბატონები, მათ აღარ ექნებათ უფლება კიბეებთან ჩამომწკრივებული იყვნენ და სიებით შეიარაღებულებმა მოახდინონ ზემოქმედება ამომრჩეველზე”, – თქვა ქუცნაშვილმა.
ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსით მხოლოდ საარჩევნო სუბიექტებს ეკისრებათ გარკვეული ვალდებულებები კამპანიის წარმოების კუთხით. კანონპროექტი ამ საკითხზე შემდეგ ცვლილებას ითვალისწინებს:
“წინასაარჩევნო კამპანიის, აგიტაციის დაწყებისთანავე, რაც აითვლება არჩევნების დანიშვნის დღიდან, კანონის წინაშე თანაბარ მდგომარეობაში ვაცხადებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას. ამ მომენტიდან ისინი ისარგებლებენ თანაბარი უფლებებით და ვალდებულებებით”.
საარჩევნო კოდექსში ინიცირებულია კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნო აგიტაციის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება საჯარო მოხელეებს აღარ ექნებათ სამუშაო საათების განმავლობაში.
“დღეს მოქმედი კოდექსით საჯარო მოხელეებს არ აქვთ აგიტაციის გაწევის უფლება მხოლოდ სამსახურეობრივი ფუნქციის შესრულების დროს. ეს რედაქცია, რომ აგიტაციის უფლება მხოლოდ სამსახურეობრივი ფუნქციის შესრულების დროს არის აკრძალული, იძლეოდა ძალიან კარგ საშუალებას, რომ მისულიყო ჩინოვნიკი და ეთქვა: მე ამ ღონისძიებაზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს არ მოვსულვარ, მე მოვედი, რათა მეგობარს დავუჭირო მხარი. აქედან გამომდინარე, ჩვენ შემოგვაქვს შეზღუდვა, რომ საჯარო მოხელეებს არა მარტო სამსახურეობრივი ფუნქციების შესრულებისას არ ექნებათ აგიტაციის წარმოების უფლება, არამედ მთელი სამუშაო საათების განმავლობაში: დილის 09:00 საათიდან 19:00 საათამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ მას აღარ ექნება დემაგოგიის წარმოების უფლება, რომ მე არა სამსახურეობრივი ფუნქციის შესრულებისას მოვედი აქ, არამედ მოვედი მხარდასაჭერად. თუ მას მხარდაჭერის სურვილი ამოძრავებს, კეთილი ინებოს და ან გადადგეს თანამდებობიდან, ან დროებით დატოვოს შვებულებაში გასვლით და ისე, კი ბატონო, გაწიოს მხარდასაჭერი კამპანია”.
ქუცნაშვილის განცხადებით, ინიცირებული კანონპროექტით, შემოდის აგიტაციის მიზნით შენობა–ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობის ახალი მექანიზმი.
“თქვენ გახსოვთ, რა ბრძოლა გვიწევდა თითოეულ ჩვენ ოპოზიციურ პარტიას იმისათვის, რომ ამა თუ იმ შენობა–ნაგებობაში შესვლის უფლება მოგვეპოვებინა ამომრჩეველთან შეხვედრის მიზნით. იქ იყო მთელი ომი, თუ მოგვცემდნენ რომელიმე შენობა–ნაგებობას, საკითხავი იყო, რა დროს გვაძლევდნენ და რა ღირებულებით. შემოდის ახალი მექანიზმი, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიას ავალდებულებს, რომ მოთხოვნიდან 24 საათში პასუხი გასცეს მომთხოვნ პირს შენობა–ნაგებობაში შესვლის თაობაზე, ხოლო თუ 24 საათში არ გასცემს დასაბუთებულ პასუხს, ამ შემთხვევაში პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება თანხმობად და პარტიას წარმოეშვება უფლება, რომ შევიდეს და ჩაატაროს წინასაარჩევნო შეხვედრა”.
ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა, მთლიანად იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება წინასაარჩევნო აგიტაციის დროს:
“თქვენ იცით, რომ სამსახურეობრივი მანქანებით გადაადგილდებოდნენ ყველა წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ე.წ. შავი მანქანების კამპანია ტრადიციად იყო დამკვიდრებული საარჩევნო ისტორიაში. ჩვენ გვინდა, რომ ე.წ. შავი მანქანების კამპანია ისტორიას ჩაბარდეს და ჩინოვნიკებს აღარ მიეცეთ საშუალება, რომ სამსახურეობრივი მანქანაქებით გადაადგილდებოდნენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. დღეს არსებულ რედაქციაში ასეთი რაღაც წერია: ჩინოვნიკს აქვს უფლება გადაადგილდეს სამსახურეობრივი მანქანით თუ ბენზინს საკუთარი ხარჯებით ჩაასხამს. ამის ადმინისტრირება, საკუთარი ფულით ჩაასხა საწვავი თუ სახელმწიფო ტალონით, ფაქტობრივად, შეუძლებელია”, – განაცხადა ქუცნაშვილმა და დასძინა, რომ ბარდება ისტორიას სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილების აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენება.
მისივე თქმით, სახელმწიფო მანქანაქებით გადაადგილების უფლება მხოლოდ იმ პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირებს ექნებათ, რომელთაც სახელმწიფო იცავს.
“იქ რთული იქნება, რომ ასეთი დაცვის ქვეშ მყოფი მაღალი თანადმებობის პირები კერძო ავტომობილებით დადიოდნენ. გამონაკლისი მხოლოდ რადმენიმე თანადმებობის პირს შეეხება”.
კიდევ ერთი ინიცირებული ცვლილების მიხედვით, არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე არჩევნების დღის ჩათვლით შემოდის აკრძალვა იმგვარი პროგრამების დაფინანსებაზე, რაც ამომრჩეველს უწესებს რაიმე სახის ფულად ან არაფულად შეღავათს (ვაუჩერების გაცემა, შემწეობის, პენსიების და და სხვა სოციალური დახმარებებისა და შეღავათების ზრდა).
“ჩვენთან იყო დამკვიდრებული ასეთი პრაქტიკა, რომ არჩევნების წინ ვაუჩერების დარიგება ხდებოდა, პენსიებს უზრდიდნენ და ასე შემდეგ. ეს ნორმა ნიშნავს იმას, რომ არჩევნების დღიდან ვერანაირი სოციალური დამხარების პროგრამა ვერ გაიზრდება, თუ ის არ იქნება წინასწარ ბიუჯეტში ჩასმული, ანუ წინა კალენდარულ წელს”.
როგორც ცნობილია, საქართველოში პენსიების ოდენობის ზრდა სექტემბრის თვეშია დაანონსებული, თუმცა, ქუცნაშვილის განცხადებით, ეს ახალი ნორმის ამოქმედების შემთხვევაში კანონდარღვევად არ ჩაითვლება.
“იმიტომ, რომ წინა კალენდარულ წელს იყო ჩასმული ბიუჯეტში სექტემბრიდან პენსიების ოდენობის გაზრდა, მაგრამ ის, რომ ახლა ივლისში ვიღაცამ მოინდომოს და პენსიები კიდევ უფრო გაზარდოს, ან ვაუჩერები დაარიგოს, ეს აკრძალვად ცხადდება”.
ბოლო ცვლილება, რომელიც საარჩევნო კოდექსშია ინიცირებული, არის ახალი 99–ე მუხლის დამატება, რომლის მიხედვითაც დგინდება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე–2 დღისა დაკავებული თანადმებობიდან უნდა გადადგნენ შემდეგი თანამდებობის პირები: პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები და მათი მოადგილეები, უშიშროების საბჭოს წევრები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულები, საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი და ქალაქის მერი, მოსამართლეები, პრეზიდენტის მრჩევლები, პროკურორები, სახალხო დამცველი და ასე შემდეგ.
ქუცნაშვილის განცხადებით, ზემოხსენებული ცვლილებების დიდი ნაწილის ავტორი არასამთავრობო სექტორია, რომელიც ინტერფრაქციულმა ჯგუფმა სიამოვნებით გაითვალისწინა.
“ჩვენ შემოგვაქვს ახალი კულტურა საქართველოს არჩევნების ისტორიაში, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ალბათობას”, – განაცხადა მან.
ზემოხსენებული კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება საქართველოს პარლამენტში ივლისის ერთ–ერთ საგანგებო სესიაზე. ქუცნაშვილი ფიქრობს, რომ კანონპროექტი პარლამენტში საჭირო მხარდაჭერას მიიღებს.
