აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომელიც საარჩევნო საკითხებს ეხება და საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საკანონმდებლო ცვლილებათა ზემოხსენებული პაკეტი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა გააცნო.

 

ქუცნაშვილი
ქუცნაშვილი

“უწყებათაშორისი კომისია ფუნქციონირებდა უშიშროების საბჭოსთან და უშიშროების საბჭოს ნორმალურ ქვეყანაში არანაირი კავშირი არ აქვს საარჩევნო კამპანიასთან. უშიშროების საბჭო პასუხისმგებელია ეროვნულ უსაფრთხოებაზე და არა არჩევნებზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვტოვებთ უწყებათაშორის კომისიას იმიტომ, რომ ეს იყო დაჟინებული მოთხოვნა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, უბრალოდ მას ამიერიდან უხელმძღვანელებს იუსტიციის სამინისტრო”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

მისივე თქმით, პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაში ჩართული არასამთავარობო სექტორი ითხოვდა უწყებათაშორის კომისიის მთავრობაში გადატანას. იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ეს კომისია პრემიერ–მინისტრს დაქვემდებარებოდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ კომისია იუსტიციის სამინისტროსთან იფუნქციონირებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ უხელმძღვანელებს კომისიას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თუ მისი რომელიმე მოადგილე. ქუცნაშვილის თქმით, მისი სურვილია, რომ კომისიას წულუკიანმა უხელმძღვანელოს. 

 

ზემოხსენებული კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება საქართველოს პარლამენტში ივლისის ერთ–ერთ საგანგებო სესიაზე. როგორც ცნობილია, დღეისათვის უწყებათაშორის კომისიას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს. იმ შემთხვევაში, თუ ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი ძალაში შევა, ქუცნაშვილის თქმით, შეიცვლება კომისიის თავმჯდომარე და მოხდება ახალი წევრების დანიშვნა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *