გორგიჯანიძე ამბობს, რომ ამჟამად საბავშვო ლექსებსა და გამოცანებს წერს და საკუთარი შემოქმედების რეალიზაციას თავადვე ახდენს ქუჩა–ქუჩა. საპრეზიდენტო პროგრამა და პრიორიტეტები მან დღეს ჟურნალისტებს გააცნო. მას უკვე მოფიქრებული აქვს საპრეზიდენტო კამპანიის სლოგანიც: “მინდა ვიყო ერთი კენტი, ბავშვებისთვის პრეზიდენტი”.
გორგიჯანიძე აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და რუსი ტურისტების საქართველოში მოზიდვა უმთავრესი პრიორიტეტი გახდება. პრეზიდენტობის მსურველი ამბობს, რომ მას ძალიან მოსწონს იოსებ სტალინი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ასევე, იცის, რომ სტალინი რუსეთშიც უყვართ და, შესაბამისად, კავშირების აღდგენის პროცესში ამ საკითხის გამოყენებაც შეიძლება:

“ეკონომიკური მოტივი მთავარია, რუსეთთან დაახლოება, რუსეთი კი არ უნდა გვირტყამდეს, საკუთარ ფულს აქ უნდა ხარჯავდეს. ტურიზმი და ტურიზმი, ეს არის იდეოლოგიური ტურიზმი. ჩვენ გვაქვს გულკეთილობა. დედამიწაზე ქართველ კაცზე გულკეთილობა არ არსებობს”, – აცხადებს იგი და მოსახლეობას არჩევის შემთხვევაში 300 აშშ დოლარის ოდენობის პენსიას სთავაზობს.
“200 დოლარი დიასახლისებს ექნებათ, 100–150 ლარი უსაქმურებს და უვარგისებს, იმათაც ხომ უნდათ სიგარეტი და ცხოვრება?! ისინიც ადამიანები არიან. იტყვით, რომ ყველა უსაქმური გახდება… არა, იმას პირად საქმეში ეწერება – უსაქმური, რაც დიდი სირცხვილი იქნება და ყველა იმუშავებს. ყველას შევუქმნით სამუშაო ადგილებს”, – განაცხადა მან “ფრონტნიუსის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნიკოლოზ გორგიჯანიძის თქმით, საქართველოს მოსახლეობას მთავრობის შენახვა ძალიან ძვირი უჯდება, ამიტომ იგი გამარჯვების შემთხვევაში ბევრ სტრუქტურას საერთოდ გააუქმებს, ხოლო ნაწილს ერთმანეთთან შეაერთებს, თუმცა არ აპირებს გაასხვისოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე. თუ პრეზიდენტი გახდება, აპირებს, რომ ინაუგურაციის შემდეგ პირველი ვიზიტი რუსეთში გამართოს სახელმწიფოების შერიგების მიზნით. ნატოში საქართველოს გაწევრიანებას კი კატეგორიულად გამორიცხავს.
“ვის მივიჩნევ კონკურენტად? – მხოლოდ სატანას. არ გჯერათ? მე თქვენთან არ გავხსნი კარტებს. მე მოვდივარ ღარიბების, მათხოვრების ხელით. თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გავიმარჯვებ, ძალიან კარგი იქნება, ესე იგი საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან კარგად არის და ხალხი კარგად ცხოვრობს. მე ყველაფერს მივაღწიე უკვე ცხოვრებაში, ბავშვებს ვახარებ. კი, მართალია, პრეზიდენტი რომ გავხდე კარგი იქნება, მაგრამ…”.
პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აპირებს ითანამშრომლოს ბიძინა ივანიშვილთან, რომელსაც მეტსახელად “კეთილ ბიძოს” ეძახის, ასევე, კობა დავითაშვილთან, ეკა ბესელიასთან და პროფკავშირების ხელმძღვანელ ირაკლი პეტრიაშვილთან, რადგან მათი საქმიანობა მოსწონს.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ გორგიჯანიძე, რომელიც აცხადებს, რომ მობილურ ტელეფონს საერთოდ არ იყენებს, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემას არა საკუთარი თავისთვის, არამედ გიორგი მარგველაშვილისთვის გეგმავს.
“მე ჩემ თავს ხმას არ მივცემ, ხალხმა უნდა მომცეს”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ არ ინერვიულებს, თუ არჩევნებში დამარცხდება, რადგან მარცხის შემთხვევაში ჩათვლის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა კარგად არის და მისი დაპირებები მოსახლეობას არ სჭირდება.
როგორც ცნობილია, 2013 წლის ახალი საკონსტიტუციო რეალობით პრეზიდენტს არ აქვს იმის უფლებამოსილება, რომ ის დაპირებები, რასაც გორგიჯანიძე გასცემს, დამოუკიდებლად, მთავრობასთან თანამშრომლობის გარეშე შეასრულოს. გორგიჯანიძე აცხადებს, რომ ამის შესახებ მისთვის ცნობილია, თუმცა მან იცის ერთი “საიდუმლო ხერხი”, თუ როგორ გადაჭრას ეს პრობლემა.
იმისათვის, რომ ნიკოლოზ გორგიჯანიძემ ცესკოში საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირება შეძლოს და კენჭი იყაროს, მან 25 000 ხელმოწერის შეგროვება უნდა მოახერხოს. გორგიჯანიძე აცხადებს, რომ მას ცნობადობის პრობლემა არ აქვს, რადგან თბილისში და განსაკუთრებით მის მშობლიურ უბან ვერაზე ყველა იცნობს.
