სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ODIHR ორგანიზებით, საპარლამენტო ეთიკის შესახებ სემინარი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრები, მათ შორის პარლამენტის თავმდჯომარე, ასევე, სხვადასხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ეუთოს წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ.

 

ღონისძიების ერთ–ერთი ორგანიზატორის, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს წარმომადგენლის ეკა გიგაურის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ხშირია არაეთიკური ქმედებები, არაეთიკური და ქსენოფობიური გამონათქვამები, რაც ქართული პარლამენტარიზმის განვითარებისთვის ცუდი მოვლენაა. ეკა გიგაურის თქმით, პარლამენტარების ეთიკის კოდექსი უფრო ქმედითი უნდა გახდეს:

 

“ამ ღონისძიებას ესწრებიან სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პარლამენტის წევრები და ისინი ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებაზე ეთიკასთან დაკავშირებით. ეთიკის კოდექსი უნდა იყოს უფრო ქმედითი. დღევანდელი ეთიკის კოდექსი, რომელიც 2004 წელსაა მიღებული, არის არასავალდებულო დოკუმენტი და მისი შესრულება მხოლოდ პარლამენტის წევრებზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ეკა გიგაურმა. მისი მოსაზრებით, ეთიკურ გადაცდომებთან დაკავშირებით დეპუტატებისათვის განსაზღვრული სანქციები უფრო უნდა გამკაცრდეს.

 

ამ მოსაზრებას იზიარებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე. მისი განცხადებით, ბევრი დეპუტატისათვის პარლამენტი “პირადი შურისძიებისა თუ ღვარძლის გამოხატულების საშალებაა”, რაც ასე არ უნდა იყოს:

 

“ხშირია ხოლმე შემთხვევა, როცა პარლამენტის ზოგიერთი წევრი ცდება ეთიკის ნორმებს, რაც არ უნდა ხდებოდეს, ამიტომ თუ ეთიკის ნორმები გამკაცრდება და გახდება ქმედითი, ეს იქნება კარგი”, – აცხადებს საყვარელიძე.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით კი, ყველა კონფერენცია თუ სემინარი, რომელიც პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, არის ძალიან მნიშვნელოვანი:

 

“პარლამენტარიზმის ეთიკაზეა დღევანდელი შეხვედრა. ვფიქრობ, კარგი იქნება მოვისმინოთ შენიშვნები და წინადადებები იმ ქვეყნების წარმომადგენლებისაგან, რომელთაც პარლამენტარიზმის უფრო დიდი გამოცდილება აქვთ”, – აცხადებბს ძიძიგური. მისი თქმით, ეთიკური გადაცდომები არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტში, არამედ ყველგან ხდება, თუმცა საქართველოს პარლამენტში ამას არ აქვს ისეთი სერიოზული ხასიათი, რომ მუშაობა შეუძლებელი გახდეს.

 

კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სიტყვით მიმართა. იგი დაეთანხმა ღონისძიების ორგანიზატორებს იმაში, რომ ეთკის კოდექსთან დაკავშირებით საუბრის დაწყება დროულია. დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღევანდელი პარლამენტი გაცილებით უფრო ხმაურიანია, ვიდრე წინა მოწვევის პარლამენტი იყო. მისივე თქმით, პარლამენტი უნდა იყოს ხმაურიანი, რადგან თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ საზოგადოებაში იქნება ხმაური, რამაც შეიძლება უარყოფითი შედეგები მოიტანოს, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ის ხმაური და დებატები, რომელიც საპარლამენტო დარბაზში არსებობს, არ უნდა გადაიზარდოს ისეთ რამეში, რომელიც მუშაობას შეუძლებელს გახდის:

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *