ახალი ამბები

წულუკიანი: მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის წევრების აზრი გაიყო

28 ნოემბერი, 2017 • 2614
წულუკიანი: მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის წევრების აზრი გაიყო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას.

“17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი. სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს არ წარმოადგენდა ვანო მერაბიშვილის გამამატყუნებელი განაჩენის განხილვა,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა წაიკითხა ის მუხლები, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ კონკრეტული მუხლები არ დარღვეულა ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში.

“დიდი პალატის 17 მოსამართლის ხმები გაიყო, 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დადგინდა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი, რომელიც ეხება მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, 8 მოსამართლემ, ვინც წინააღმდეგ წავიდა, გადაწყვეტილებას დაურთო განსხვავებული აზრი.

წულუკიანის განცხადებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა არ ემსახურებოდა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზანს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფომ ვანო მერაბიშვილს უნდა გადაუხადოს 4 ათასი ევრო, თუმცა, მისივე განცხადებით, მერაბიშვილი ითხოვდა 15 ათას ევროს.

ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ  ძალაში დატოვა სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2016 წლის 14 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის სარჩელზე, რომლის მიმართაც დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი  მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთად.

მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის მიმართ მე-18 მუხლის დარღვევა ეხება უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს: “ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის”.

ამ მუხლთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილი მიუთითებდა, რომ მისი დაპატიმრება და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ჩამოეცილებინათ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან, რათა დაესუსტებინათ მისი პარტია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, და ხელი შეეშალათ მისი მიზნისთვის, რომ ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი 2013 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს.

სასამართლოს პალატამ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რაშიც ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახელი ფიგურირებს. ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა საქართველოს იუსტაციის სამინისტრო და კონვენციით დადგენილ ვადაში, 2016 წლის 13 სექტემბერსეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა.

მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. 2017  წლის თებერვალში პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა, რადგანაც მათი განცხადებით, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ დადასტურდა.

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი კონკრეტული პუნქტის გამო გაასაჩივრა, რომელიც ე.წ. ფარცხალაძის ეპიზოდს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი