ნეტგაზეთი | უსუფაშვილი: დაზვერვის სუს–თან გაერთიანება ქვეყნის უსაფრთხოებას გამოუსწორებლად დააზიანებს უსუფაშვილი: დაზვერვის სუს–თან გაერთიანება ქვეყნის უსაფრთხოებას გამოუსწორებლად დააზიანებს – Netgazeti
RU | GE  

უსუფაშვილი: დაზვერვის სუს–თან გაერთიანება ქვეყნის უსაფრთხოებას გამოუსწორებლად დააზიანებს

“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებებით დაგეგმილია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემმუშავებელი და მაკოორდინებელი ყველა სახელმწიფო სტრუქტურის საერთოდ გაუქმება, რაც გამოუსწრებელ ზიანს მოუტანს ორივე მიმართულებას.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ დაგეგმილია არა მხოლოდ დაზვერვის სამსახურის გაუქმება და დაზვერვის ფუნქციის გადაცემა სუს-ისთვის, არამედ საგარეო დაზვერვისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური რეჟიმის დაუსაბუთებელი და ხშირად დამახინჯებული გავრცელება მთლიანად სუს-ის მასშტაბით.

“მაგალითად, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მომუშავე მზვერავის „ჩავარდნისას“ (იმ ქვეყნაში დაკავებისას) გათვალისწინებული მიდგომები მთლიანად ვრცელდება სუს-ის ყველა მოსამსახურეზე. თანაც, მათ მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულის შემთხვევებშიც”,- აცხადებს უსუფაშვილი.

იგი მიუთითებს სუს-ის კანონის 41-ე მუხლზე, რომელსაც ემატება შემდეგი შინაარსის მე-20 და 21-ე პუნქტები:

სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო ან სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელებისათვის დააკავეს ან დააპატიმრეს, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, სრული ოდენობით უნარჩუნდება ყოველთვიური შრომის ანაზღაურება და დაკავების ან პატიმრობის ერთი დღე ეთვლება ნამსახურობის სამ დღედ.

ასევე, ამავე მუხლის მე-18 და მე- 20 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში სამსახურის მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო უნაზღაურდება შესაბამისად ორმაგი და სამმაგი ოდენობით.

უსუფაშვილი მიმართავს საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას 112-კანონპროექტიანი პაკეტის დაჩქარებული წესით, 2-3 დღეში განხილვა და სამი მოსმენით მიღება. ასევე მიმართავს საქართველოს სტრაგეგიულად მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებს, დროული და კვალიფიციური რჩევებით მოამარაგონ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი, რათა საქართველოს უსაფრთხოებისა და დაზვერვის სისტემებმა შეძლონ როგორც ქვეყნის საჭიროებებთან გამკლავება, ისე საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობასთან საიმედო ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო დაზვერვის სამსახური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთიანდება, რაც გულისხმობს, რომ სუს-ის ფუნქციებს სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები ემატება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com