პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინაშე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი წარდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
სესიაშვილის თქმით, სუსი გამოთქვამს მზადყოფნას, ნდობის ჯგუფის წინაშე წარდგეს და პირველადი ინფორმაცია გააცნოს ჩატარებული ოპერაციისა და თავად ამ მოვლენის შესახებ. თუმცა, როდის მივა ვახტანგ გომელაური პარლამენტში ნდობის ჯგუფთან შესახვედრად, სესიაშვილის თქმით, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული.
საპარლამენტი უმცირესობისა და ნდგობის ჯგუფს წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, “ევროპულ საქართველოს” მიაჩნია, რომ ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ საჯარო უნდა იყოს, რის შესაძლებლობასაც ნდობის ჯგუფის ფორმატი არ იძლევა:
“საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სპეცოპერაცია, მისი შედეგები, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები თბილისის ცენტრში. ევროპულ საქართველოს მიაჩნია, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს, სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საპარლამენტო უმცირესობის მიერ მოწვეული არის სუს-ის ხელმძღვანელი, იუსტიციის მინისტრი საქართველოს პარლამენტში, რათა საჯაროდ გასცეს პასუხი კითხვებს, რაც საზოგაოდებას აინტერესებს,” – თქვა აბესაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მიუხედავად ამისა, “ევროპული საქართველოს” დეპუტატის თქმით, გომელაურს ჯგუფის ფორმატშიც მოუსმენს:
“ამ შეკითხვებზე, თუ როგორ აღმოჩნდნენ ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ გადმოკვეთეს საზღვარი, როგორ მოხდა იარაღის ამ ოდენობით კონცენტრაცია თბილისის ცენტრში, როგორ განხორციელდა სპეცოპერაცია და რა ვითარება არის დღეს გამოძიების თვალსაზრისით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პასუხები უნდა ყოფილიყო საჯარო. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ნდობის ჯგუფის ფარგლებში ჩვენ მოვუსმენთ ბატონ გომელაურს და დავსვამთ ყველა საჭირო შეკითხვას,” – ამბობს აბესაძე.