აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა ის პირი, ვისაც უნივერსიტეტში უჭირავს აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა და აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.”
“კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობების დაკავებისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება უწყდებათ”.
კანონპროექტის პირველ ვერსიაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერ-მინისტრი არჩევდა. მოგვიანებით კანონპროექტი შეიცვალა და ჩაიწერა, რომ პრემიერ-მინისტრს კანდიდატს აკადემიური საბჭო წარუდგენდა დასამტკიცებლად. დღეს კი კანონპროექტი კიდევ ერთხელ შეიცვალა და რექტორის მოვალეობის შემსრულებელს საარჩევნო კოლეგია დანიშნავს.
