ახალი ამბები

მთავრობაში ღარიბაშვილის შექმნილი უსაფრთხოების და ეკონომიკური საბჭოები უქმდება

27 ნოემბერი, 2017 • 3159
მთავრობაში ღარიბაშვილის შექმნილი უსაფრთხოების და ეკონომიკური საბჭოები უქმდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოები – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და ეკონომიკური საბჭო უქმდება. ამ ცვლილებებს საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროქტი ითვალისწინებს.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.

წარმოდგენილი ცვლილებების ფარგლებში საკანონმდებლო დონეზე ასევე უქმდება პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო – ეკონომიკური საბჭო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური საბჭო დღესდღეობით აღარ ფუნქციონირებს”, – ნათქვამია კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა მთავრობის მიერ.

 

ორივე საბჭო ყოფილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნა. 2013 წელს ღარიბაშვილმა ჩამოაყალიბა ეკონომიკური საბჭო. საბჭოს წევრები იყვნენ ფინანსთა მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, საგადასახადო ომბუდსმენი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი, სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

“მსგავსი საბჭოები არსებობს დასავლეთის ბევრ ქვეყანაში. ამერიკის შეერთებული შტატებში: ეროვნული ეკონომიკის საბჭო და საშინაო პოლიტიკის საბჭო, რომლებიც კონსტიტუციიდან გამომდინარე ექვემდებარებიან ამერიკის პრეზიდენტს. საბჭოს შემადგენლობაში არიან სახელმწიფო მდივნები და პრეზიდენტის მრჩევლები; ისრაელი: ეროვნული ეკონომიკის საბჭო, რომელიც კონსტიტუციიდან გამომდინარე ექვემდებარება პრემიერ-მინისტრს. დიდი ბრიტანეთი: ეროვნული ეკონომიკის საბჭო ექვემდებარება პრემიერ-მინისტრს. შემადგენლობაში შედიან შესაბამისი მიმართულების მინისტრები”, – ასე ასაბუთებდა 2013 წელს მთავრობის ადმინისტრაცია ეკონომიკური საბჭოს შექმნის აუცილებლობას.

რაც შეეხება უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს, ეს საბჭო ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის დასაწყისში შექმნა და მის მდივნად მინდია ჯანელიძე დანიშნა.

“რეორგანიზაცია იწყება მთავრობის კანცელარიაში, სტრუქტურული ცვლილებები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძირითადად სწორედ საბჭოების საქმიანობას დაექვემდებარება. ძალიან ბევრი საბჭო შეიქმნება სხვადასხვა მიმართულებით. უშიშროების საბჭოს აქვს თავისი ამოცანები და ამას არავინ აკნინებს, ეს არის პრემიერთან არსებული უსაფრთხოების საბჭო”, – ასე უპასუხეს “ნეტგაზეთს” მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურში 2014 წელს კითხვაზე – ხომ არ გამოიწვევს ახალი საკონსულტაციო სტრუქტურის შექმნა უშიშროების საბჭოს ინსტიტუციურ დაკნინებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი