საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროქტის განმარტებით ნაწილში ვკითხულობთ:
“კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტის თანახმად, არსებული უწყებების ძირითადი ფუნქციები კვლავაც ნარჩუნდება მთავრობის ახალ სტრუქტურაში და მათი ჯეროვანი განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი რესურსი.
ამასთან, აღნიშნული ძირითადი ფუნქციების გატარებასთან დაკავშირებული დამხმარე ფუნქციების განხორციელების ნაწილში მოსალოდნელია გარკვეული ოპტიმიზაცია ადმინისტრაციული ხარჯებისა და რესურსების მიმართულებით, რაც 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გამოიკვეთება”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
შესაბამისად, კანონრპოექტით ნათლად ჩანს, რომ მთავრობას არ აქვს დათვლილი, თუ რა რაოდენობის საბიუჯეტო სახსრები უნდა დაიზოგოს, თუნდაც, 2018 წლის ბიუჯეტში, ან საერთოდ დაიზოგება თუ არა.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, “კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ფინანსური შედეგები გამოიწვიოს იმ პირთა მიმართ, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. თუმცა აღნიშნულის წინასწარ გათვლა შეუძლებელია”.
კანონპროექტით, 18-დან 14-მდე მცირდება სამინისტროების რაოდენობა. პრემიერ-მინისტრმა ამ ცვლილებების შესახებ საჯარო განცხადებისას აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები განპირობებული იყო იმით, რომ, მთავრობა, ერთი მხრივ, ეფექტურ მმართველობის ფორმაზე გადავიდოდა, მეორე მხრივ კი, დაიზოგებოდა საბიუჯეტო სახსრები.