დღეს, 12 ივლისს პარლამენტში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ იმპიჩმენტის საკითხის დაყენება სავარაუდოდ მომდევნო სხდომაზე მოხდება:
” კომისია იმ წევრების იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას აპირებს, რომლებიც უკვე ცალსახაა და გამოკვეთილია, რომ “მაუწყებლის შესახებ” კანონს არღვევენ. ირაკლი ჩიქოვანის შემთხვევაში ადგილი აქვს ბიზნეს-ინტერესის გამო ინტერესთა შეუთავსებლობას. ამის გარდა, ჩიქოვანი თითქმის ერთი წელია კომისიის სხდომებს არ ესწრება, რაც კანონის პირდაპირი დარღვევაა.”
ხიდაშელი ასევე ამტკიცებს, რომ კარლო კვიტაშვილს პარტიული პრობლემა აქვს: “ის “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი იყო მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც კომისიის წევრი იყო, ეს აკრძალულია. ჩვენ ასევე ვსწავლობთ კომისიის მესამე წევრის სოფიო ბრიტანჩუკის ინტერესთა კონფლიქტის საკითხსაც. ველოდებით დამატებით ინფორმაციას და ამის შემდეგ იქნება მსჯელობა, მოხდება თუ არა მისი საკითხის იმპიჩმენტზე გამოტანა. “
