დღეს, 12 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო და მას ქალაქში სხვისი ბიზნესის მითვისებას აბრალებენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ბრალდებები ბიზნესთან დაკავშირებით ხომ არ უკავშირდება წინასაარჩევნოდ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, სანიკიძე პასუხობს, რომ არავის საქმეა, სახლში რაზე ლაპარაკობს:
“ერთი რამე გაითვალისწინეთ, ძალიან გთხოვთ, რა, სამომავლოდაც, პრესის წარმომადგენლებმა, ის ხომ არის უკანონო ჩანაწერი? უკანონო ჩანაწერი რას ქვია? ის არ გამოდგება არაფრად. მე ჩემს მეგობარს სკაიპში რას ველაპარაკები, მაპატიეთ, არც თქვენი საქმეა, არც არავისი. თქვენ უნდა განსაზღვროთ, რადგან მე პოლიტიკაში ვარ, ჩემი ქმედება პოლიტიკაში, თორემ სახლში რას ვლაპარაკობ, ეს თქვენი საქმე არ არის და რას ვილაპარაკებ მომავალში. სასამართლოში დავადგენთ, საიდან მოდის ბიზნესზე ასეთი ხმები.”
სანიკიძე აცხადებს, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით ის მსხვერპლია:
“იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით მე ვარ მსხვერპლი და გაითვალისწინეთ ეს. იმიტომ, რომ ნებისმიერ თქვენგანზე აქვთ ასეთი ჩანაწერი გაკეთებული და თქვენს მომავალზეც იფიქრეთ. ეს არის საერთო სენი, რომელიც დანერგა ღვთის გარეგანმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და საერთო საომარი გვაქვს ჩვენ.”
