რამდენად მნიშვნელოვანი, ან უმნიშვნელოა უმცირესობების უფლებების დაცვა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის? – NDI–ის კვლევის მიხედვით, ამ კითხვას გამოკითხულთა 58 პროცენტი პასუხობს, რომ მნიშვნელოვანია, 20 პროცენტი  საკითხს ნეიტრალურად უყურებს, ხოლო 9 პროცენტი უმნიშვნელოდ მიიჩნევს.

 

კავლევის ავტორებმა რესპონდენტების მეორე ნახევარს უმცირესობების უფლებების შესახებ კითხვა განსხვავებული ფორმულირებით დაუსვეს, რათა დაედგინათ, თუ რა კონტექსტში უყურებდნენ ადამიანები უმცირესობების უფლებების დაცვის აუცილებლობას:

 

რამდენად მნიშვნელოვანი, ან უმნიშვნელოა უმცირესობების უფლებების დაცვა საქართველოს ისტორიული ტრადიციების გათვალისწინებით? – ასე ფორმულირებულ კითხვას მოსახლეობის 59–მა პროცენტმა უპასუხა, რომ მნიშნელოვანია, 19–მა პროცენტმა ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა, ხოლო 12-მა პროცენტმა თქვა, რომ უმნიშვნელოა.

 

NDI–ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლუის ნავაროს განცხადებით, ეს მონაცემები მოწმობს იმას, რომ მოსახლეობა უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობას ორივე კონტექსტში დაახლოებით თანაბარი პროცენტული მაჩვენებლით უსვამს ხაზს.

 

კითხვას, როდესაც ფიქრობთ უმცირესობების ჯგუფებზე, რომელი ჯგუფები გახსენდებათ პირველ რიგში, გამოკითხულთა 22 პროცენტი რელიგიურ უმცირესობებს ასახელებს, 21 პროცენტი- ეთნიკურ უმცირესობებს, ხოლო 20 პროცენტი- სექსუალურ უმცირესობებს. გამოკითხულთა 54 პროცენტისთვის მნიშვნელოვანია რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა, 57 პროცენტისთვის – ეთნიკური უმცირესობების, ხოლო სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა 16 პროცენტისთვისა მნიშვნელოვანი. გამოკითხულთა 52 პროცენტი აცხადებს, რომ სექსუალური უმცირესობების დაცვის საკითხი მისთვის უმნიშვნელოა.

 

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 19 პროცენტი იძულებით გადაადგილებულ პირებს უმცირესობად მიიჩნევს, 15 პროცენტის აზრით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან უმცირესობა, 7 პროცენტის აზრით – პატიმრები, ხოლო გამოკითხულთა 4 პროცენტი აცხადებს, რომ ქალები უმცირესობათა ჯგუფს განეკუთვნებიან.

 

NDI
NDI

ლუის ნავარომ განმარტა, რომ ზემოხსენებული კატეგორიები სავარაუდო პასუხებად კვლევის ავტორებს არ შეუთავაზებიათ რესპონდენტებისთვის და გამოკითხულებმა უმცირესობათ ჯგუფები თვითონ დაასახელეს.

 

კვლევა ჩატარებულია 12 ივნისიდან 26 ივნისის პერიოდში, სულ სქართველოს მასშტაბით გამოკითხულია 2338 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. საშუალო ცდომილების ზღვარი +/– 2,9 პროცენტია. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშოროსო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *