ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლოს საქართველოდან მეორე ტრანსგენდერმა ადამიანმაც მიმართა

24 ნოემბერი, 2017 • 1857
სტრასბურგის სასამართლოს საქართველოდან მეორე ტრანსგენდერმა ადამიანმაც მიმართა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მეორე ტრანსგენდერმა ადამიანმა მიმართა საქართველოდან. სარჩელი ტრანსგენდერი ადამიანებისათვის გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე (პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებაზე) უარი თქმას ეხება.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ცნობით, აპლიკანტი მიიჩნევს, რომ გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარით მათ მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები.

პირველი ტრანსგენდერი ადამიანის საქმე სტრასბურგის სასამართლოში 2017 წლის 1 აგვისტოს გაიგზავნა.

საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს არც სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების და არც სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურების საკითხებს და სრულ სამართლებრივ ვაკუუმში აქცევს ქვეყანაში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ტრანსგენდერ ადამიანებს ავალდებულებს, ჩაიტარონ არასასურველი და ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურები, რათა მათი სქესის შესახებ ჩანაწერი შეიცვალოს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” აცხადებს, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში შესაბამისი სქესის ასახვაზე უარის გამო, საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანები არაერთ ბიუროკრატიულ წინაღობას აწყდებიან საბაზისო, საბანკო ან სამედიცინო სერვისების მიღების დროს. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას, ისინი ხშირად ხდებიან დამამცირებელი მოპყრობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ობიექტები, ხელი ეშლებათ მუდმივი სამუშაოს მოძიებაში.

ერთ-ერთი აპლიკანტი ვერ ახერხებს სრულფასოვან თანამონაწილეობას შვილის აღზრდაში. ეს ყველაფერი ტრანსგენდერი თემის წევრებს მუდმივი სტრესის, შიშისა და იზოლაციის პირობებში ამყოფებს.

“[აპლიკანტების] საქმე საქართველოს სისტემურ პრობლემაზე მეტყველებს. გენდერის სამართლებრივი აღიარება არსებითია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ტრანსგენდერი ადამიანების ღირსეული ცხოვრება, ყველანაირი შევიწროების, ჩაგვრის, შიშის და დისკრიმინაციის გარეშე. თუმცა საქართველოს კანონმდებლობა ვერ ახერხებს დაარეგულიროს გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხი იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული თვითნებური და შეუქცევადი შედეგები. ვიმედოვნებთ, რომ ამ საქმის ევროპის სასამართლოს წინაშე წარდგენით, საქართველოში მცხოვრები იმ ტრანსგენდერ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც გენდერის სამართლებივ აღიარებას ითხოვენ, გაუმჯობესდება“. – რამუტ რემეზაიტე (იურიდიული კონსულტანტი) და ჯოან სოიერი (იურისტი), EHRAC.

საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა შესაძლებელია დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებში, ასევე, პირადობის მოწმობაში, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პიროვნება ქირურგიული ოპერაციის შედეგად შეიცვლის სქესს. საერთაშორისო სამართალი კი ამბობს, რომ ადამიანს დოკუმენტებში სქესის შესაცვლელად არ უნდა სჭირდებოდეს ქირურგიული ოპერაციის ან სტერილიზაციის ჩატარება.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ – კაცი ქალის პირადობის მოწმობით და პირიქით.

მასალების გადაბეჭდვის წესი