ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადეიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

11 ივლისი, 2013 • • 1875
თბილისის საქალაქო სასამართლოში ადეიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ზურაბ ადეიშვილის ინტერესებს იცავენ ადვოკატები – ოთო კახიძე (იუსტციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი), ირაკლი გრძელიძე და გოჩა სვანიძე. საქმეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი განიხილავს. ბრალდების მხარეს წარმოადგენს პროკურორი ჯარჯი წიკლაური.

 

საქმე ეხება პატიმართა წამების საქმეს, რისთვისაც პროკურატურამ ადეიშვილს ბრალი დაუსწრებლად 2012 წლის 28 დეკემბერს წარუდგინა. ადეიშვილს ამ საქმეზე რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, ესენია: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ 332-ე მუხლის მეორე ნაწილი და მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტები), დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა (სსკ 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, „ბ”, “დ”, “ე”, “ზ” და „თ”  ქვეპუნქტები), დანაშაულის პროვოკაცია (სსკ 145-ე მუხლი) და მტკიცებულების ფალსიფიკაცია (სსკ 369მუხლის მესამე ნაწილი).

 

პროკურატურის მტკიცებით, 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში ზურაბ ადეიშვილმა შეიტყო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა გამოქვეყნებულიყო ევროპის რომელიმე ქვეყნის ტელევიზიით 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ.

 

“ვინაიდან ხსენებული ვიდეომასალის გამოქვეყნება მაკომპომატირებელი იქნებოდა არსებული ხელისუფლებისათვის, ზურაბ ადეიშვილმა 2012 წლის 17 სექტემბერს ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით თავისსავე კაბინეტში დაიბარა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა, სადაც ამ უკანასკნელს დაავალა ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც საზოგადოებას წინასწარ დაარწმუნებდა იმაში, რომ ვლადიმერ ბედუკაძის მიერ მოპოვებული კადრები, რომლებიც უნდა გავრცელებულიყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, არ შეეფერებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სინამდვილეს, არამედ შეიქმნა კოალიცია „ქართული ოცნების” დავალებით და გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ”, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადეიშვილთან ერთად ჭაკუას ბრალდების საქმეც განიხილება. გამოძიების ცნობით, ზურაბ ადეიშვილთან შეხვედრის შემდეგ დავით ჭაკუამ მისი მოადგილის გაგა მკურნალიძის და დავით ხუჭუას თანდასწრებით, N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე დაიყოლია, რომ N8 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში ეცემათ, დაემცირებინათ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინათ პატიმრებისათვის, რასაც ლევან ფურცხვანიძე ფარული ვიდეოკამერით გადაიღებდა:

 

“მეტი დამაჯერობლობისათვის დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ საპყრობილის თანამშრომლებს „ბასტის”, იგივე ბორის ფარულავას, და „ბუბუს”, იგივე ლევან ფხალაძეს, ისე, რომ ამ უკანასკნელებს არაფერი სცოდნოდათ მათი ქმედების ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით. ლ. ფურცხვანიძეს, ბ. ფარულავას და ლ. ფხალაძეს  წინასწარ შერჩეულ საკანში უნდა ჩაეტარებინათ შემოწმება, გაეშიშვლებინათ პატიმრები, მუხლებზე დაეჩოქებინათ და მიეყენებინათ მათთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დავალების მიხედვით, ლევან ფურცხვანიძეს შეურაცხყოფის დროს უნდა წარმოეთქვა პატიმრების პატივისა და ღირსების შემლახავი უკიდურესად დამამცირებელი სიტყვები, რადგანაც ეს იყო სწორედ ის სიტყვები, რაც ვლადიმერ ბედუკაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოფირზე უნდა ყოფილიყო ასახული. ამის შემდეგ ლევან ფურცხვანიძეს საჯაროდ უნდა ეღიარებინა, რომ ,,ქართული ოცნების” წარმოამდგენლებმა ვლადიმერ ბედუკაძის მეშვეობით, 40 000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ, შეუკვეთეს ციხეში პატიმრების წამება, რაც შეასრულა კიდეც და კადრები გადასცა ვლადიმერ ბედუკაძეს. ამისთვის ლ. ფურცხვანიძეს მხოლოდ სამი თვით დააპატიმრებდნენ, რაც ასევე შეთანხმებული იყო ზურაბ ადეიშვილთან”, – აცხადებენ პროკურატურაში. 

 

გამოძიების ცნობით, ამ სცენარით მომზადდა და გამოქვეყნდა 2012 წლის 18 სექტემბერს გლდანის ციხეში პატიმრების წამების ვიდეომასალა, ასევე, გეგმის მიხედვით, იმავე დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მეშვეობით, ლევან ფურცხვანიძემ საზოგადოებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა პატიმართა ცემა და შეურაცხყოფა ხდებოდა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეკვეთით, ფალსიფიცირებული მტკიცებულების სახით ლევან ფურცხვანიძის სამუშაო ოთახიდან ამოიღეს 14 100 (თოთხმეტი ათას ასი) აშშ დოლარი, მაისური მასზე დამონტაჟებული ვიდეოკამერით და ლაზერული დისკი.

 

იმის მიუხედავად, რომ ზურაბ ადეიშვილს უკვე შვიდი თვეა რაც ბრალი აქვს წაყენებული, მასზე ინტერპოლით ძებნა საქართველოს ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

 

ამასთან, ამ საქმის ფიგურანტ რამდენიმე პირს უკვე გამოუტანა სასამართლომ განაჩენი პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე: კერძოდ, ლევან ფურცხვანიძეს მიესაჯა 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, გაგა მკურნალიძეს – 3 წლით, 4 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, დავით ხუჭუას – 3 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ლევან ფხალაძეს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხოლო ბორის ფარულავა, რომელსაც 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, უკვე გათავისუფლებულია პატიმრობიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი