ახალი ამბები

სააკაშვილი: მთავრობა რაბათისა და იშხნის საკითხით სპეკულირებს

11 ივლისი, 2013 • 1190
სააკაშვილი: მთავრობა რაბათისა და იშხნის საკითხით სპეკულირებს

მიხეილ სააკაშვილის ბათუმში, დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, თურქეთის პრემიერ–მინისტრსა და პრეზიდენტს რაბათის ციხესთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზიები არ აქვთ და საქართველოს მთავრობა აღნიშნული თემით სპეკულირებს.

 

“საქართველოს მთავრობამ მოითხოვა მანდატი თურქეთის მთავრობასთან მოლაპარაკების დაწყებაზე, იმ თემაზე, რომ დაანგრიოს ელემენტები რაბათის, მათ შორის გუმბათი, და მიაშენოს ოთხი დიდი მინარეთი, იმის სანაცვლოდ, რომ თურქეთში რაღაცები გავაკეთოთ. მე შევხვდი თურქეთის პრემიერ მინისტრ ერდოღანს. თურქეთის პრემიერ–მინისტრმა მითხრა, რომ მას არანაირი პრეტენზიები არ აქვს რაბათის გუმბათის მიმართ. იგივე გაიმეორა თურქეთის პრეზიდენტმა. იქ რაღაც დეტალებზე შეიძლება ლაპარაკი, და რომ ის დაუშვებდა დაუყოვნებლივ ქართველ სპეციალისტებს იშხანში.

 

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, რომ ნუ ნიღბავს თავის დაუოკებელ წყურვილს, რომ დაანგრიოს რაბათი მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის ვანო მერაბიშვილის და ჩემი აშენებული, იმით რომ თურქეთში ქართული ძეგლები უნდა გადაარჩინონ. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქართული კულტურის, ისტორიის და რელიგიის ძეგლები თურქეთში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაინგრეს რაბათის თუნდაც ერთი შენობა. პრობლემა ამ შემთხვევაში არის თბილისში, მთავრობაში და არა ჩვენს მოლაპარაკებებში თურქეთთან. თურქეთთან ჩვენ ამ საკითხებზე გვქონდა კონსტრუქციული მოკლაპარაკებები და პრაქტიკულად შეთანხმებული ვიყავით მთავარ პრინციპებზე. სამწუხაროდ ახლა ეს ყველაფერი აირია,”–განაცხადა მიხეილ საკაშვილმა.

 

პრეზიდენტის განცხადებას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გამოეხმაურა:

 

“ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა თურქეთთან კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, არის ახლა პრეზიდენტის ადმინისტაციაში. ჩვენ იქიდან უნდა დაგვიბრუნდეს შენიშვნებით. თუკი არსებობს ასეთი, მაშინ არაფერი უდგას წინ იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება დააბრუნოს თავისი შენიშვნებით. მე დარწმუნებული ვარ, ამ შენიშვნებზე საუბარი და კონსენსუსის მოძებნა შეიძლება. 

 

ერთი რამ არის ცხადი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უნდა იყოს დაცული და ეს არის ის რასაც ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას. ყველა ხელშეკრულება უნდა იყოს საქართველოს ინტერსების გათვალისწინებით დადებული. თუ კი არსებობს შენიშვნები, ძალიან ბევრი დრო იყო. თებერვლის ბოლოს იყო გადაგზავნილი ხელშეკრულების პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმსათვის, რომ დაებრუნებინათ შენიშვნები,”–განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

იშხნის რეაბილიტაცია თურქეთის ხელისუფლებამ 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. ქართულ მხარეს სჭირდება ჩარჩო–დოკუმენტი, რომლის ძალითაც უფრო ეფექტურად შეძლებს აღდგენით სამუშაოებში ჩართვას. კულტურის სამინისტროს განცხადებით, დოკუმენტის პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ხელმოსაწერ დოკუმენტში გათვალისწინებულ განახლებულ რაბათის ციხესთან დაკავშირებულ შენიშვნებს არ ეთანხმება და ხელს არ აწერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი