საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის წევრებმა კომიტეტის სხდომაზე მთავრობის წარმომადგენელს განუცხადეს, რომ კანონპროექტი მეტ კონკრეტიკას საჭიროებს:

 

“ჩვენ ან უნდა დავაკონკრეტოთ კანონპროექტის კონკრეტული მუხლები, ან უნდა ჩავთვალოთ, რომ გვყავს უმაღლესი ზნეობით დაჯილდოებული პოლიციელები, რომლებიც ბოროტად არ გამოიყენებენ თავიანთ თანამდებობას. ან შეიცვალოს ბუნდოვანი ნაწილი, ან ჩაიდოს ისეთი გარანტიები, რომ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი პოლიციელის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება. ერთი ზოგადი შენიშვნა მაქვს, მე მგონია, რომ ყველა კანონი უნდა იყოს მკაფიო, ორმაგ წაკითხვას არ უნდა უშვებდეს,” – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე კიღურაძემ.

 

საქართველოს ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, კოდექსის 171-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რომელიც საზოგადოებრვ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მიღებას, ან ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნას ითვალისწინებს, ჯარიმის ოდენობა  ამ დანაშაულის პირველადი ჩადენისას  300 ლარით განისაზღვრა, მეორედ და მესამედ ჩადენისთვის კი 500 და 700 ლარი ხდება. 

 

მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული მუხლის დარღვევისთვის ხდება მოქალაქის გაფრთხილება, ან დაჯარიმება შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე მოქმედება ჩადენილი განმეორებით კი, დაჯარიმება შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *