ახალი ამბებისაზოგადოება

ტოპ გუნდები ცისარტყელის ფერებში – პრემიერლიგის მორიგი მხარდაჭერა ლგბტ ადამიანებს

24 ნოემბერი, 2017 •
ტოპ გუნდები ცისარტყელის ფერებში – პრემიერლიგის მორიგი მხარდაჭერა ლგბტ ადამიანებს

ინგლისის პრემიერლიგა, რომელსაც მსოფიოში უამრავი მაყურებელი ჰყავს, სპორტში განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების მხარდაჭერას განაგრძობს.

ორგანიზაცია სტოუნვოლსა და პრემიერლიგის პარტნიორობის ფარგლებში, ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი კამპანია, 24 ნოემბერს, ვესტ ჰემსა და ლესტერ სიტის შორის გასამართ მატჩზე დაიწყება, რომელიც, 26 ნოემბერს, ჰადერსფილდ თაუნსა და მანჩესტერ სიტის მატჩზე დასრულდება.

სწორედ პრემიერლიგის ამ ტურში გამოჩნდება ცისარტყელას ფერებში ბრენდირებული ბურთის სადგამები, მოედნის დროშები (ალმები) და დროის ამთვლელი აბრები. მოედნების გვერდით, სარეკლამო დაფებზე ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი ტექსტები გამოჩნდება.

მოედნის მიღმა ცისარტყელას ფერებით გამოსახული პრემიერლიგის ლოგო ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალური ქსელებში განთავსდა. ლგბტ ადამიანების მხარდამჭერ კამპანიას შეუერდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში მოასპარეზე კლუბები და ფეხბურთელებიც – სოციალურ ქსელებში კლუბებმა უკვე გააფერადეს ლოგოები.

ისევე როგორც შარშან, წელსაც მოთამაშეებს დაურიგდებათ ცისარტყელის ფერების კაპიტნის სამკლაურები და თასმები. სწორედ ასეთივე კამპანიის ფარგლებში, გასულ თვეს ჰოლანდიის ერედივიზიონშიც გაიმართა ტური, სადაც არმენის ვიტესის კაპიტანი, გურამ კაშია ფერადი სამკლაურით გაუძღვა თავის გუნდს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანმა, მის მიმართ აგორებული ჰომოფობიური კამპანიის მიუხედავად, განაცხადა, რომ ყოველთვის ძალადობის წინააღმდეგი იქნება. გურამ კაშია პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც თანასწორობის იდეას საჯაროდ დაუჭირა მხარი, რასაც არაერთი სხვა სპორტსმენის მხარდამჭერი განცხადებაც მოჰყვა.

სტოუნვოლი ბრიტანეთის წამყვანი ქველმოქმედი ორგანიზაციაა, რომელიც ლგბტ თანასწორობისთვის მუშაობს. პრემიერლიგა ერთ-ერთია იმ 750 ორგანიზაციაში, რომლებიც სტოუნვოლთან თანამშრობლობენ პროგრამა “გლობალური მრავალფეროვნების ჩემპიონების” პროგრამის ფარგლებში, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და მთელს მსოფლიოში ლგბტ თემის წევრების ცხოვრების გაუმჯობესებისათვის შეიქმნა.

ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს მიუღებელი (ჰომოფობიური) ტერმინოლოგიის წინააღმდეგ, ასევე, თავის საქმიანობაში თანასწორობისა და მრავალფეროვნების პოლიტიკის დასანერგად. პრემიერლიგის კლუბების გარდა, სტუნვოლის კამპანიაში, მონაწილეობას იღებენ ჩემპიონშიფის კლუბები. ფეხბურთელებთან ერთად, ორგანიზაციის მხარდამჭერ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ცნობილი მორაგბეები და სხვა სახის სპორტის წარმომადგენლები.

[red_box]მანამდე[/red_box]

ნეტგაზეთი გირჩევთ:

[red_box]ცნობილი სპორტსმენები, რომლებიც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებენ[/red_box]

[yellow_box]დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში ფეხბურთი არ უნდა გამოვტოვოთ – ინტერვიუ ნიკა ჯღარკავასთან[/yellow_box]

რატომ ებრძვის ფეხბურთი ჰომოფობიას

მასალების გადაბეჭდვის წესი